იაპონია

ინფლაცია იაპონიაში ბოლო 40 წლის განმავლობაში რეკორდული ტემპით გაიზარდა

იაპონიაში სამომხმარებლო ფასები წინა წელთან შედარებით 3.6%-ით გაიზარდა და ბაზრის საშუალო პროგნოზის პუნქტობრივ მაჩვენებელს 0.1 პროცენტული ნიშნულით გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო 40 წლის განმავლობაში ინფლაციის უმაღლესი ნიშნულს წარმოადგენს.

ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა, დიდწილად, გაუფასურებული ვალუტით, ელექტროენერგიის გადასახადებისა და საკვების ფასების ზრდითაა განპირობებული.

მიუხედავად ზრდადი ინფლაციისა, იაპონიის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთს დაბალ ნიშნულს ინარჩუნებს იმ დაშვებით, რომ მომავალ წელს, როდესაც საწვავის ფასის ზრდა დასტაბილურდება, ინფლაციის ზრდაც შეჩერდება. ამრიგად, იაპონიის ცენტრალური ბანკი იმ გამონაკლისთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც მზარდ ინფლაციას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით არ ებრძვიან. 

ზოგიერთი დასავლური ეკონომიკის გამოცდილებისგან განსხვავებით, სადაც ხელფასები ინფლაციასთან ერთად გაიზარდა, იაპონიაში ხელფასების და მომსახურების ფასების ზრდა შენელებულია. CPI-ის მონაცემების შემადგენელი კომპონენტებიდან ნოემბერში, წინა წელთან შედარებით, მომსახურების ფასები მხოლოდ 0.7%-ით გაიზარდა.

იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ პარასკევს გამოქვეყნებულმა ცალკეულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ კორპორატიული მომსახურების ფასების ინდექსი, რომელიც ზომავს ფასებს, რომლებსაც ფირმები მომსახურებისთვის ერთმანეთს უხდიან, ოქტომბერში, წინა წელთან შედარებით, 1.8%-ით მაღალი იყო. ამგვარი ზრდა შედარებით ნელი იყო, ვიდრე სექტემბერში, როდესაც 2.1%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა.

კომენტარები