ევროპის ენერგოპოლიტიკა

გერმანიის ენერგოპოლიტიკა ეკონომიკური პრობლემების პირისპირ – გამოწვევები და პროგნოზები

Sean Gallup

გერმანია იძულებულია მდგრადი განვითარების კურსიდან გადაუხვიოს. წლების განმავლობაში რუსეთის გაზზე მიჯაჭვულობის შემდეგ ქვეყანა კვლავ ქვანახშირის გამოყენებას უბრუნდება

ევროპის მწვანე ოცნება, რომლის ცენტრალურ ნაწილსაც განახლებადი ენერგია წარმოადგენს, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე უფრო და უფრო მიუწვდომელი ჩანს. სანაცვლოდ, ცხადი გახდა იაფი ენერგორესურსის კრიტიკული მნიშვნელობა. 

ომის დასაწყისში მოქალაქეების ნაწილი აქტიურად მოითხოვდა რუსეთისათვის ემბარგოს დაწესებას ორი მიზეზიდან გამომდინარე - ეს მას ხელს შეუშლიდა უკრაინაში ომის წარმოებაში და ევროპაში განახლებად ენერგიაზე გადასვლის პროცესს დააჩქარებდა. თანდათანობით გამოაშკარავდა გეგმის აბსურდულობა. 

უახლესი კვლევების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ გერმანია მთლიანად გაწყვეტს რუსეთთან თანამშრომლობას, იგი ვეღარ შეძლებს 300-მდე სახეობის გაზის  პროდუქციის წარმოებას. ეს არამარტო ამ პროდუქციის მომხმარებლებზე აისახება უარყოფითად, მასშტაბები გაცილებით დიდი იქნება. შიდა წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში უამრავი ადამიანი სამსახურს დაკარგავს.

არსებობს სხვა ალტერნატივებიც. იმპორტის საშუალებით გერმანიას შეუძლია ჩამნაცვლებლების მოძიება, თუმცა ეს გაცილებით დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, ტვირთი მთელ ეკონომიკას დააწვება, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახება. 

ამინდზე დამოკიდებული ენერგორესურსი ზედმეტად არასტაბილურია იმისათვის, რომ მას მთლიანად დაეყრდნო. ქარისა და მზისგან გამომუშავებული ენერგია დამოუკიდებლად ვერ შეძლებს დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა გარემო პირობების ხელშეწყობის გარეშე(მაგ. თუკი ქარი არ უბერავს, ან მზე არ ანათებს). ამიტომ ქვანახშირის, გაზის და ატომური სადგურების როლი, როგორც ენერგიის სტაბილური რესურსის, კვლავაც მნიშვნელოვანია.

ელექტრო ტრანსპორტის, გათბობისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენება კიდევ უფრო გაზრდის ელექტრო ენერგიის მოხმარებას, რაც ელექტრო სადგურების მარაგის პროპორციულად გაზრდის საჭიროებას გამოიწვევს. გერმანიისთვის, რომელიც უარს ამბობს ქვანახშირისა და ატომური სადგურების გამოყენებაზე, ერთადერთ ალტერნატივად გაზი რჩება, თუმცა გაზის შეზღუდული მიწოდების პირობებში მას მიდგომების გადახედვა მოუწევს. 

კომენტარები