პოლიტიკური პროცესი

ჩერგოლეიშვილი 3 პარტიაზე: კირილისთვის მილოცვაზე თუ ერთი პოზიცია არ გაქვთ, ერთად რა გინდათ?

თამარ ჩერგოლეიშვილი
ტაბულა

ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორის შეფასებით, პოლიტიკურ ლიდერშიფს არ უნდა შეეშინდეს, რომ გამოვიდეს და პატრიარქის ავტორიტეტის მიუხედავად, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. პალიტრანიუსის ეთერში თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო ერთადერთი პარტია იყო, ვინც რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

“დანარჩენი ყველა გაჩუმდა. ის სამეული [გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა, სტრატეგია აღმაშენებელი] განცხადებას განცხადებაზე აკეთებს, ყველაფერზე აკეთებენ განცხადებას და ელენე ხოშტარიას იმედი რომ მქონდა, ჟურნალისტს ასეთი რამე უთხრა - ჩვენ კონკრეტულ საქმეზე ვართ გაერთიანებულიო [12 პუნქტზე] .ეს კონკრეტული საქმე არის ევროპაში ინტეგრაცია, ჰო? ევროპისკენ სვლა კირილის მილოცვებით როგორ გამოვა?

გიორგი ვაშაძის მესამე შვილი პატრიარქს ჰყავს მონათლული და ხმას ვერ ამოიღებს პატრიარქზე, სახლში აღარ შეუშვებენ. აქედან გამომდინარე, ეს ერთობაც სიყალბეა, ჰო? ესეთ მნიშვნელოვან საკითხზე თუ ერთიანი პოზიცია არ გაქვთ, მაშინ ერთად რა გინდათ საერთოდ” - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორის შეფასებითვე, “ოპოზიცია არის დემორალიზებული და ვინც იძახის, გავერთიანდეთო, ის პროცესიც ფრაგმენტაციას ეძღვნება”. მისი თქმით, სამი პარტიის კოორდინაციის თემა რეალურად გამოიყენეს მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარის გადასაგდებად. 

“ეს სამეული შეიქმნა იმისთვის, რომ მერე ამ სამეულით დაპირისპირებოდნენ მელიას. და მელია თუ გააგდეს ამ პარტიიდან, დალაგდებიან ხაბეიშვილი, ელენე ხოშტარია, ვანო მერაბიშვილი და ეს ხალხი” - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

მან გადაცემის წამყვანს მიმართა, “ეს სამეულები და რაღაცები რომ კეთდება, უნდა მიაქციოთ ყურადღება, ეს დეკორაციაა [თუ არა], ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, რა ხდება და რეალურად ექნება თუ არა ამ ყველაფერს ძალა”.

კომენტარები