პოლიტიკური პროცესი

დეკანოიძე სამი პარტიის ერთობაზე: ერთიანი იდეის გარშემო უნდა იყოს ფართო ფრონტი

საქართველოს პარლამენტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ოპოზიციური პარტიების: სტრატეგია აღმაშენებლის, გირჩი-მეტი თავისუფლებისა და დროას შეთანხმებას გამოეხმაურა ერთიანობასთან დაკავშირებით, რომლის მიზანიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება და დეოლიგარქიზაციაა. დეკანოიძის განცხადებით, მისი პარტია საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა პროდასავლურ ძალასთან თანამშრომლობს.

"იმ პარტიებთან, რომლებზეც ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ნამდვილად პროდასავლურები არიან, ძალიან აქტიური თანამშრომლობა და მე ვფიქრობ, ყველაზე უფრო აქტიური კოორდინაცია გვაქვს ერთი საერთო იდეის გარშემო. ეს იდეა არის ევროინტეგრაცია [...] ასევე, სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უნდა გამოეცალოს. ამიტომ, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ერთიანი იდეის გარშემო უნდა იყოს ფართო ფრონტი. მაგრამ, ეს ფართო ფრონტი ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილების მიმართულებით უნდა იყოს". - თქვა დეკანოიძემ.


სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა "ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით" კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა. პარტიების ლიდერების თქმით, გაერთიანების გარეშე ქართული ოცნების რეჟიმის დამარცხება "უკიდურესად რთულია" და "სხვებიც ნახავენ, რომ სხვა ალტერნარტივა არ არსებობს". 


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს. პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად და ოპოზიციის პარლამენტში შეყვანის მიზნით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიცირებით მოლაპარაკებების რაუნდი დაიწყო. 

მალევე, მოლაპარაკებების დასრულებამდე, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ადგილები პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა დაიკავა. პარტია გირჩის წევრები (ზურაბ ჯაფარიძის გარდა, რომელმაც ეს პარტია მოლაპარაკებების პროცესში დატოვა) პარლამენტში იმავე პერიოდში მივიდნენ, თუმცა, სხდომებს საკანონმდებლო ორგანოში სხვა პარტიების შესვლამდე არ დასწრებიან. 

შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, პარლამენტში შევიდნენ ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და პატრიოტთა ალიანსის 4 წევრი, რომლებმაც საკუთარ თავს ევროპელი სოციალისტები უწოდეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში რამდენიმე თვეში, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ შევიდა, თუმცა, შეთანხმების ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა, რაც ქართულმა ოცნებამ ის გაუქმებულად გამოაცხადა. 

შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ევროპულ საქართველოსა და ლეიბორისტულ პარტიას. ასევე, ცალკეულ დეპუტატებს – კანონი და სამართალის ლიდერს, თაკო ჩარკვიანს და ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრს და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას. არცერთი მათგანი მოლაპარაკებებში დამოუკიდებლად არ მონაწილეობდა. თაკო ჩარკვიანს ფორმალურად მოლაპარაკებებზე სტრატეგია აღმაშენებელი წარმოადგენდა, რომლის ბლოკის ფარგლებშიც ის დეპუტატი გახდა. ჩარკვიანი პარლამენტში ენმ-ს წევრებთან ერთად შევიდა. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, მან თქვა, რომ ვინაიდან პარტია დატოვა, მისი მანდატი ევროპულ საქართველოს ეკუთვნოდა. 

შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში ზურაბ ჯაფარიძეც შევიდა, თუმცა, მან მოგვიანებით ამ ნაბიჯს შეცდომა უწოდა. ჯაფარიძემ პარლამენტი 2021 წლის პირველ ნოემბერს დატოვა, იქიდან ორ კვირაში, პარლამენტმა მას უფლებამოსილება შეუწყვიტა. 

პარლამენტში ამ დრომდე რჩება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო, ოპოზიციის რამდენიმე ე.წ დამოუკიდებელი დეპუტატი, ასევე, მოქალაქეები, ევროპელი სოციალისტები და გირჩი.

კომენტარები