საქართველოს საპატრიარქო და რუსეთი

ევსაქები მოქალაქეებს: გამოხატეთ პოზიცია რელიგიურ შეკრებებზეც, თუ იქ პუტინს ამართლებენ

ევროპული საქართველო კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ რუსეთის პატრიარქ კირილისთვის დაბადების დღის მილოცვას ეხმაურება. პარტია გმობს საპატრიარქოს კოლაბორაციონისტულ საქმიანობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას რუსეთის საპატრიარქოსთან ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტისკენ მოუწოდებს.

"ევროპული საქართველო გმობს საქართველოს საპატრიარქოსა და ცალკეულ მღვდელმთავართა კოლაბორაციონისტულ განცხადებებსა და საქმიანობას, რომელიც მიმართულია რუსეთის სახელმწიფოს ქმედებათა გამართლებისკენ და დანაშაულთა ნიველირებისკენ. ჩვენ ვაღიარებთ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნისა და ურთიერთჩაურევლობის პრინციპებს, რომლებიც დღეს სრულად მოშლილი და დარღვეულია, ამავე დროს, მივიჩნევთ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და წარმოადგენს პუტინის რეჟიმის ინსტრუმენტს ქართული სახელმწიფოებრიობის და მსოფლიოში თავისუფლების წინააღმდეგ და მასთან ნებისმიერ თანამშრომლობა არის მორალურად სრულად გაუმართლებელი.

მოვუწოდებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, დიდი ხნის დაგვიანებით მაინც გაწყვიტოს ნებისმიერი სახის საჯარო და კერძო კავშირი ან კომუნიკაცია რუსეთის სახელმწიფოსა და მის კონტროლირებად ყველა ორგანიზაციასთან, მოსკოვის საპატრიარქოს ჩათვლით". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ევროპული საქართველო ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, რუსეთთან დაკავშირებით თავიანთი სამოქალაქო პოზიცია, მათ შორის, რელიგიურ შეკრებებზეც გამოხატონ.

"ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პატრიოტს, გამოხატონ სამოქალაქო პოზიცია ყველა, მათ შორის რელიგიურ შეკრებაზე, სადაც არ ხდება პუტინის და მის მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციების მკაფიო შეფასება და მით უმეტეს, ხდება მათი პირდაპირი თუ ირიბი გამართლება". – ნათქვამია ევროპული საქართველოს განცხადებაში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღეს მიულოცა. ილია მეორის მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

კომენტარები