ირანი

ქვეყნის წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელების ბრალდებით, ირანმა ფეხბურთელი დააკავა

AP Photo/Kamran Jebreili

ხელისუფლების კრიტიკის გამო ირანმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი დააკავა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ვორია ღაფურის დაკავების მიზეზი "საფეხბურთო ნაკრების შეურაცხყოფა და ხელისუფლების წინააღმდეგ პროპაგანდაა". 

ღაფური, რომელიც არ აირჩიეს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად, მთელი მისი კარიერის განმავლობაში ირანის ხელისუფლების ღია კრიტიკოსი იყო. ის ფეხბურთის მატჩებზე ქალი მაყურებლის აკრძალვას აპროტესტებდა, ასევე ეწინააღმდეგებოდა ირანის იმ კონფრონტაციულ საგარეო პოლიტიკას, რამაც, საბოლოოდ, ქვეყნის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები გამოიწვია. 

ცოტა ხნის წინ მან მიუსამძირა მორალის პოლიციის მიერ დაკავებიდან მალევე დაღუპული 22 წლის ქალის ოჯახს. ბოლოს მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა. 

მისი დაკავების შესახებ ცნობა ირანსა და უელსს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის წინ გავრცელდა. ირანი 6:2-ით დამარცხდა. ირანის საფეხბურთო ნაკრების წევრებმა პროტესტის ნიშნად სახელმწიფო ჰიმნი არ შეასრულეს. ფეხბურთელებმა დუმილით ირანში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს. სპორტსმენების გადაწყვეტილებას ემოციურად შეხვდა სტადიონზე მყოფი ირანელი გულშემატკივარი.

ირანში ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბერში ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ის მორალის პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა. 

ექსპერტთა შეფასებით, საპროტესტო აქციები ირანის მთავრობისთვის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ დარბევების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე თინეიჯერი.

აშშ-მ ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. იგივე მალევე დიდმა ბრიტანეთმაც გაიმეორა.

კომენტარები