მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველმა, დეკანოზმა ნიკოლაი ბალაშოვმა კრემლის პროპაგანდისტული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების სურვილი, ორიენტირდეს ეროვნულ ინტერესებზე, შეინარჩუნოს ხალხის ტრადიციული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, პატივისცემას იმსახურებს.
მანვე გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოს ხელისუფლების წინადადება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ საქართველოს ეკლესიის მხრიდან ღრმა შესწავლას მოითხოვს.
"მზად ვარ დავეთანხმო ჩემს კოლეგას (დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს) საქართველოს საპატრიარქოდან: პატივისცემას იმსახურებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სურვილი, ყურადღება გაამახვილოს ეროვნულ ინტერესებზე, შეინარჩუნოს და განამტკიცოს ქართველი ხალხის მართლმადიდებლური რწმენით ჩამოყალიბებული ტრადიციული ღირებულებები, მხარი დაუჭიროს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურებას, რომელიც სარგებლობს საზოგადოებისგან ღრმა პატივისცემით, მიუხედავად საქართველოს დასავლელი "პარტნიორების" მრავალწლიანი მცდელობისა, შეემცირებინათ და შეესუსტებინათ ეკლესიის გავლენა და დაებინდათ ქართველების მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა. [...]
საქართველოში ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობების კონსტიტუციური საფუძვლების რადიკალური გადასინჯვის საკითხი, ცხადია, საჭიროებს ღრმა შესწავლას და გააზრებულ მიდგომას, მათ შორის საეკლესიო იერარქების მხრიდან, როგორც თავად ეკლესიის ინტერესების, ასევე, ეკლესიისა და სახელმწიფოს ბუნების თავისებურებების გათვალისწინებით". - თქვა ბალაშოვმა.
რუსეთის პატრიარქის მრჩეველმა ასევე თქვა, რომ ამჟამად საქართველოში ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა სამართლებრივად არის განსაზღვრული 2002 წელს სვეტიცხოვლის ტაძარში ხელმოწერილი კონსტიტუციური შეთანხმებით.
"ეს დოკუმენტი აღიარებს, რომ საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოახდინა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის, ეროვნული მსოფლმხედველობისა და ღირებულებების ფორმირება, აღნიშნულია საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული როლი ქვეყნის ისტორიაში და, ამავე დროს, მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან.
სახელმწიფო ცნობს საეკლესიო ქორწილების კანონიერ ძალას, ათავისუფლებს სასულიერო პირებს სამხედრო სამსახურისგან, ცნობს საეკლესიო საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემულ დიპლომებს, აკადემიურ ხარისხს და წოდებებს, ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიას, მონასტერს (მოქმედ და უმოქმედო) და თუნდაც მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინი მდებარეობს, ისევე როგორც სახელმწიფო მუზეუმებსა და საცავებში განთავსებულ საეკლესიო ხელოვნების ყველა ნიმუშს, იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს ეკლესიას წარსულში ათეისტური ხელისუფლების მიერ მიყენებული მატერიალური ზიანი". - თქვა მან.
"სახელმწიფოს მხრიდან ეს არის შემოთავაზება, თავაზიანობის აქტი, ასე ვთქვათ, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას და ამაზე მღვდელმთავრების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს მისაღებია. დანარჩენი ფორმულირება საბოლოო სახით როგორი იქნება, ეს ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება.
მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებაზე და ჩანაწერზეა ლაპარაკი, სწრაფად ამის მიღება საბოლოო სახით გაჭირდება.
სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ არანაირი ჩანაწერი არ გაკეთდება ეკლესიის თანხმობის გარეშე". - თქვა პატრიარქის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში 29 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განსახილველად შეიკრიბნენ.