საქართველო-კენია

კენიამ კერძო კომპანიის მიერ საქართველოში 8 ბაობაბის შემოტანის პროცესი შეაჩერა

ამოძირკვული ბაობაბის ხე კენიაში, კილიფის რეგიონში.
Edwin Ndeke/The Guardian

კენიის გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, დარღვევების გამო, უცხოურ კომპანიას შეუჩერეს ლიცენზია, რომლის მეშვეობითაც 8 ამოძირკვული ბაობაბის ხე საქართველოში უნდა გადაეტანათ. მინისტრის, სოიპან ტუიას განცხადებაში ნათქვამია, რომ აქამდე, კერძო კომპანია და კენიის კილიფის რეგიონის მცხოვრებლები შეთანხმდნენ 8 ბაობაბის ამოძირკვაზე, რათა მათი საქართველოში ექსპორტირება მომხდარიყო. ნებართვა კომპანიამ კენიის გარემოს მენეჯმენტის ეროვნული სამმართველოსგან 2022 წლის 28 ოქტომბერს ითხოვა. 

როგორც განცხადებაში წერია, კომპანიას მარეგულირებელი ორგანოსგან ნებართვა მიღებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა, როცა ხეების ამოძირკვა დაიწყეს.

კენიის გარემოს მენეჯმენტის ეროვნულმა სამმართველომ პროცესის შესაჩერებლად საჩივარი სასამართლოში შეიტანა. ამისდა მიუხედავად, როგორც განცხადებაში წერია, კომპანიამ სამმართველოსგან ამოძირკვის ნებართვა მაინც მიიღო, კერძოდ, კილიფის რეგიონის გარემოს დაცვის დირექტორისგან. მის მიერ ლიცენზიის გაცემას გარემოს დაცვის მინისტრი "არარეგულარულს" უწოდებს.

კენიის გარემოს დაცვის სამინისტროს მიხედვით, "ბაობაბის ხეების ამოძირკვას სჭირდება ადეკვატური ავტორიზაცია და ცხადი, გამჭვირვალე ფორმულა, რომელიც აჩვენებს თუ რა სარგებელს ნახულობს საზოგადოება". სამინისტროს განცხადებით, ეს ნორმები, მოცემულ შემთხვევაში, დაცული არ იყო.

შედეგად, კენიის გარემოს დაცვის მინისტრმა კომპანიას ბაობაბის ხეების ამოძირკვის ლიცენზია შეუჩერა და კენიის სატყეო სამსახურს მისცა მითითება, რომ შეაჩერონ ამ ბაობაბის ხეების გადაადგილების უფლება.

მინისტრის თქმით, ბაობაბის ხეები არ უნდა იყოს ტრანსპორტირებული მანამ, სანამ მხარეებს შორის შეთანხმება წესების შესაბამისად არ გაფორმდება. მისივე თქმით, მთავრობა მიიღებს საპასუხო ზომებს იმ საჯარო მოხელეთა მიმართ, ვინც ხეების გაყიდვის ლიცენზიები გასცა.

როგორც BBC წერს, ცნობების მიხედვით, კალიფიში ფერმერთა მცირე ჯგუფს საკუთარი მიწიდან ბაობაბის ხეების მოშორება სურდა, რათა აქ სიმინდი დაეთესათ და მათ ხეები 800-2 400 დოლარის შუალედში გაყიდეს. BBC ასევე წერს, რომ არსებული ცნობებით, ბაობაბის ხეების საქართველოში, ერთ-ერთ ბოტანიკურ ბაღში უნდა გადაეტანათ.

ბაობაბი კენიის კონსტიტუციითაა დაცული. მათი ექსპორტის მოვლენებს კენიის საზოგადოებასა და მედიაში უკმაყოფილება მოჰყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით, მასალები საერთაშორისო მედიაშიც გამოქვეყნდა.

გასულ დღეებში, 21 ნოემბერს კენიის პრეზიდენტმა, უილიამ რუტომ გარემოს დაცვის სამინისტროს კილიფის რეგიონში ბაობაბების ამოძირკვის პროცესის განხილვის განკარგულება მისცა.

როგორც კენიური მედია, Nairobi News-ი წერდა, 8 ბაობაბი შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში უნდა გადაეტანათ. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერაა გახსნილი.

გარემოს დაცვის აქტივისტები, ბაობაბების ამოძირკვას "ბიომეკობრეობას" უწოდებდნენ.

ბრიტანული მედია, The Guardian-ი 24 ოქტომბერს ბაობაბების შესახებ წერდა, თუ როგორ მიყიდეს კენიელმა ფერმერებმა საკუთარ ტერიტორიაზე მდებარე ბაობაბები ჯგუფს, რომელსაც ქართველი პირი, გიორგი გვასალია უძღვებოდა. როგორც The Guardian-ი წერდა, გვასალია ბაობაბის "უნაკლო" ხეებს 2019 წლიდან ეძებს და ამ საქმისთვის დრონებსაც იყენებს. 

"ისინი (ფერმერები) ჩემ გარეშეც ხოცავდნენ [ხეებს], რადგან სიმინდის დათესვა სურთ. ვერ ვხედავ ვერაფერ ცუდს, თუ გადავარჩენთ ხეს, რომელსაც შეშად და ნახშირადაც ვერ გამოიყენებენ. ამაში ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ტრაგედია ხეების არაფრისთვის მოკვლაა". – ამბობდა გვასალია The Guardian-თან.

კომენტარები