ივანიშვილის დეპუტატები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ეხმარებიან და ამტკიცებენ, რომ აშშ-ს დაფინანსების "უდიდესი ნაწილი" არასამთავრობოებზე არის მიმართული. მათივე სიტყვებით, "საკუთარი აგენტურის დაფინანსება" არავინ უნდა "დაგვამადლოს". ხალხის ძალა აპირებს, რომ NGO-ების დაფინანსების "მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში" მოქცევასთან დაკავშირებით წინადადებები უახლოეს მომავალში მოამზადონ.
"გუშინ ამერიკის სენატში გაიმართა დებატები საქართველოს თემაზე, სადაც ნაცმოძრაობასთან მეგობრობით გამორჩეული სენატორები ამერიკული დაფინანსების შეწყვეტით დაგვემუქრნენ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი ენჯეოებზე არის მიმართული, რაც ნიშნავს, რომ ეს ფული არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათივე აგენტურას ხმარდება.
ვფიქრობთ, ღირსების საქმეა, საკუთარი აგენტურის დაფინანსების დამადლების უფლება არავის მივცეთ. მეტიც, მიგვაჩნია, რომ უცხოეთიდან ენჯეოების დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის. ამდენად, ენჯეოების დაფინანსება არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, პირიქით, ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ჩვენს წინადადებებს, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოვამზადებთ". - ვკითხულობთ განცხადებაში.
გუშინ, 17 ნოემბერს, სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კავკასიაში აშშ-ს პოლიტიკა შეაფასეს. სხომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ საქართველოში დიდი უკუსვლაა, მისივე სიტყვებით, აშშ-მ უნდა იფიქროს, არის თუ არა დრო, გადახედონ საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიას - სენატორმა ხაზი გაუსვა იმას, რომ, შესაძლოა, მხარდაჭერის ნაწილი საქართველოს ქმედებებთან იყოს დაკავშირებული.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდი კი ამბობს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში დემოკრატიის უკუსვლაა, რაც, მისივე შეფასებით, შემაშფოთებელია. დონფრიდი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.