ივანიშვილის დეპუტატები

შეუთავსებელია დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპენთან – ომბუდსმენი დეპუტატების ინიციატივაზე

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

საქართველოს სახალდო დამცველის აპარატი ივანიშვილის დეპუტატების მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, შემოთავაზებული პროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შიდა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან. 

"აღნიშნული კანონპროექტი, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ითვალისწინებს ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების "უცხოური გავლენის აგენტებად" რეგისტრაციას, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა უცხოეთიდანაა მიღებული. ასეთ იურიდიულ პირებს დაეკისრებათ ფინანსური ანგარიშგების ვალდებულება, რაც, მათ შორის, მოიცავს ინფორმაციის წარდგენას წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ. ასევე მიუთითებს, ამ მონაცემების გასაჯაროებაზე. პროექტის თანახმად, "უცხოური გავლენის აგენტის" გამოსავლენად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლებამოსილება. პროექტით სამინისტროს ასევე ენიჭება დაჯარიმების და ორგანიზაციათა იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება. 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის აუცილებელი წინაპირობაა, რაც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს, ერთობლივად შეიტანონ წვლილი დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა რეალიზების ხელშეწყობაში. გაეროს დეკლარაცია უფლებადამცველების შესახებ ასეთ გაერთიანებებს ანიჭებს უფლებას, მოიძიონ, მიიღონ და გამოიყენონ რესურსები (მათ შორის, მიიღონ დაფინანსება უცხოური წყაროებისგან) საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად. ამავდროულად, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, შექმნან ხელშემწყობი გარემო, რომელშიც უფლებადამცველს დაბრკოლებებისგან თავისუფალი მოქმედების საშუალება ექნებათ. 

გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებასთან, აგრეთვე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით, რუსეთის ფედერაციისა და უნგრეთის კანონმდებლობაში ასახული მსგავსი მოწესრიგება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უარყოფითად შეაფასეს. 

კერძოდ, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეფასებით, უფლებადამცველები ხშირად ხდებიან სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციის კამპანიის ადრესატები, რაც, მათ შორის, შესაბამის ქვეყნებში „უცხოურ აგენტებად“ მათი გამოცხადებისთვის, საკანონმდებლო რეგულაციების მიღებაში შეიძლება გამოიხატოს. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ამდაგვარად ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრა ქმნის მათ მიმართ უნდობლობის, შიშის შემცველ და მტრულ ატმოსფეროს. ვენეციის კომისიის განმარტებით, ხსენებული ტერმინი აბრუნებს კომუნისტურ პერიოდში გამოყენებულ რიტორიკას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, აზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად აფერხებს მათ აქტივობებს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოსაზრებით ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, „უცხოური აგენტი“ შეიძლება ასოცირებულ იქნას „უცხოელ ჯაშუშთან“ და „მოღალატესთან“, რაც გაართულებს მსგავსი დახასიათების ქვეშ მოქცეულ პირებთან საზოგადოების და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობას და შედეგად, მათ ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, ამ ტერმინის გამოყენება გაერთიანების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევაა, რამდენადაც ქმნის განცდას, რომ შესაბამისი ორგანიზაციები უცხოურ კონტროლს ექვემდებარებიან. საყურადღებოა ისიც, რომ ვენეციის კომისიის შეფასებით, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას წარმოადგენს აგრეთვე ორგანიზაციების აგენტებად რეგისტრაცია მათი თანხმობის გარეშე და ეს შესაძლებლობა კანონით არ უნდა იყოს დადგენილი.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის გათვალისწინებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მან უნგრეთის მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან და სამართალთან შეუსაბამოდ მიიჩნია. ცალკე ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ქმნის "უცხოური გავლენის აგენტებად" მიჩნეული და მათთან სხვადასხვა სახის ურთიერთობაში მყოფი პირების შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გამოქვეყნების საფუძველს. გარდა იმისა, რომ აღნიშნული, შესაძლოა, გაუმართლებელ ორგანიზაციულ ტვირთს აკისრებდეს თავად ორგანიზაციებს და წყვეტდეს მათ ძირითადი საქმიანობისგან, ის შესაძლოა ხელყოფდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ნებისმიერი იმ ინდივიდის პერსონალური მონაცემების დამუშავების და გასაჯაროების შესაძლებლობის შექმნით, ვინც რაიმე სახის, მათ შორის, შრომით ან მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობაშია ამ ორგანიზაციებთან. 

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს და ამ მიზნის მიღწევის შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირება  ისევე როგორც საგარეო დახმარების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების ინსტრუმენტი (eAIMS) არც საქართველოსთვის არის უცნობი. თუმცა, იმისთვის, რომ წარმოდგენილი ახალი კანონ პროექტით უფლებებში ჩარევა გამართლებულად ჩაითვალოს, იგი უნდა იყოს აუცილებელი "მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების" არსებობიდან გამომდინარე და ამავე დროს, შემზღუდველი საშუალებები და თანმდევი პროცედურები არ უნდა იყოს არათანაბარზომიერი, რასაც წარმოდგენილი კანონპროექტი, სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, ვერ აკმაყოფილებს. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქნება შესაბამისი ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან" 

ივანიშვილის დეპუტატები პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის აინიცირებენ. დეპუტატების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათივე მტკიცებით, კანონი დასავლურ ანალოგზეა დაფუძნებული.  

თუმცა, უცხო გავლენის აგენტების რეგისტრაციის კანონის მიღებისას ამერიკულ ანალოგზე აპელირებდნენ რუსეთშიც - ამტკიცებდნენ, რომ კანონი, რომელსაც კრემლი ოპონენტების დევნისთვის იყენებს, აშშ-ს კანონის მსგავსი იყო.  

კანონი რუსეთში 2012 წლის 20 ივლისს მიიღეს - ვლადიმირ პუტინის მე-3 ვადით არჩევის შემდეგ. უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონის მთავარი სამიზნე რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებია - კანონის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ინსტიტუტები და ფონდები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, საგარეო აგენტებად არიან მიჩნეულნი.     

2012 წელს მიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია, (პოლიტიკური პარტიის გამოკლებით) მიიჩნევა უცხოურ აგენტად, თუ ის სხვა სახელმწიფოსგან სახსრებს ან/და ქონებას იღებს სხვა სახელმწიფოსგან, საერთაშორისო ორგანიზაციისგან, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან და, ასევე, მონაწილეობას იღებს რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობაში. რუსეთში ამტკიცებენ, რომ კანონი მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას არ კრძალავს, თუმცა მოითხოვს, რომ დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ რეესტრში. ორგანიზაციებმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია თანხის ხარკვის, აუდიტისა და მენეჯმენტის შესახებ. კანონის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება, უცხოური აგენტის სტატუსის მქონე ორგანიზაციები არაგეგმიურად შეამოწმოს, ასევე, ისინი რეესტრში იძულებით დაარეგისტრიროს.

ვლადიმირ პუტინმა კანონის მიღება 2012 წლის თებერვლის საპროტესტო აქციების საპასუხოდ გადაწყვიტა - რუსეთის პრეზიდენტი აქციების წახალისებასა და დაფინანსებაში უცხო ქვეყნების მთავრობებს ადანაშაულებდა.

აშშ-სა და რუსეთის კანონები ერთმანეთისგან განსხვავდება, ასევე, განსხვავებულია ისიც, რომ აშშ მას გამჭვირვალობისთვის იყენებს, რუსეთი კი ანგარიშსწორების იარაღად და კრიტიკის საპასუხოდ.  

კომენტარები