რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

სტოლტენბერგი: NATO აკვირდება სიტუაციას, მნიშვნელოვანია დადგინდეს ყველა ფაქტი

იენს სტოლტენბერგი 
Yves Herman/Reuters

NATO-ს გენერალური მდივანი, იან სტოლტენბერგი პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, NATO აკვირდება სიტუაციას და მნიშვნელოვანია ყველა ფაქტის დადგენა. 

"ვესაუბრე პრეზიდენტ დუდას აფეთქებაზე პოლონეთში. გადავეცი ჩემი სამძიმარი გარდაცვლილთა გამო. NATO აკვირდება სიტუაციას, მოკავშირეები მართავენ მჭიდრო კონსულტაციებს. მნიშვნელოვანია დადგინდეს ყველა ფაქტი". – წერს სტოლტენბერგი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. რუსულ რაკეტებზე ინფორმაციას პოლონეთის მთავრობა ჯერჯერობით არ ადასტურებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ პროვოკაციას უწოდებს.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსულ რაკეტებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრები აქამდეც დაურღვევიათ. 31 ოქტომბერს მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მიერ მოგერიებულმა რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

კომენტარები