რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: რუსეთთან მოლაპარაკებების პირობები უკრაინის გადასაწყვეტია

იენს სტოლტენბერგი
REUTERS

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის მთავარი როლი არა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობების შეფასება, არამედ კიევის მხარდაჭერაა

"უკრაინის გადასაწყვეტია, თუ რა სახის პირობებია მათთვის მისაღები. ჩვენ მხოლოდ ის გვევალება, რომ მათ მხარი დავუჭიროთ. 

ჩვენ არ უნდა შევცდეთ რუსეთის შეფასებისას, ისინი კვლავ აკონტროლებენ უკრაინის დიდ ნაწილს. ის, რაც ჩვენ გვევალება, უკრაინის გაძლიერებაა". - თქვა სტოლტენბერგმა ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

აქამდე, 6 ნოემბერს Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის ლიდერებს პირად საუბრებში მოუწოდა, რომ გამოხატონ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ღიაობა და აღარ განაგრონ საჯარო განცხადებები, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ პუტინის გარეშეა შესაძლებელი.

წყაროს ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირების მოთხოვნა მიზნად არ ისახავს, უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლის დაჩქარებას, არამედ ეს არის გათვლილი მცდელობა, შენარჩუნებული იქნას კიევის მთავრობის მხარდაჭერა იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ომის გახანგრძლივების გამო შეშფოთებულები არიან.

გამოცემის ინფორმაციით, მართალია, აშშ ეთანხმება უკრაინას, რომ პუტინი ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს სერიოზულად არ უყურებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ ზელენსკის საჯარო უარი მოლაპარაკებებზე აშფოთებს მოსახლეობას იმ ტერიტორიაზე, სადაც სურსათისა და საწვავის ფასები ომის გამო საგრძნობლად იზრდება. 

მანამდე, 4 ოქტომბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირა ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებზე ოფიციალურად უარს ამბობს. ეს იყო პასუხი რუსეთის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც 3 ოქტომბერს მოახდინა უკრაინის 4 ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთთან შეერთების ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია. აქამდე, 30 სექტემბერს "შეთანხმებებს" ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ლიდერებმა.

კომენტარები