შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება

კრემლის განცხადებით, მარცვლეულზე გაეროსთან მოლაპარაკებები "საკმაოდ კონსტრუქციულია"

REUTERS

კრემლის განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების განახლებაზე მუშაობა გრძელდება. მათი მტკიცებით, გასულ კვირას გაეროსთან მოლაპარაკებები "საკმაოდ კონსტრუქციული" იყო.

"რეალურად, შეთანხმების გაგრძელების თარიღს (19 ნოემბერი) ჯერ კიდევ ერთი კვირა გვაშორებს, ამიტომ სამუშაოები გრძელდება". - აცხადებენ კრემლში.

გაეროს მაღალი თანამდებობის პირები რუსეთის დელეგაციას პარასკევს, 11 ნოემბერს ჟენევაში შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი მოსკოვის მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა და ომის მიუხედავად, უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო გადატანა იყო. 

რუსეთის განცხადებით, მარცვლეულის შეთანხმებას უბრუნდებიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინისგან მიიღეს გარანტია, რომ საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი მხოლოდ შეთანხმების შესაბამისად იქნება გამოყენებული.

"უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად დაგვარწმუნა, რომ "საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი იქნება გამოყენებული მხოლოდ შავი ზღვის ინიციატივის დებულებების შესაბამისად"'. – ეწერა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ ხელი 22 ივლისს მოაწერეს. შეთანხმების შედეგად, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გადატანას შეძლებდა.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს.

კომენტარები