რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არახამია: რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბარი 2023 წლის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი

დავით არახამია

უკრაინის მმართველი ფრაქციის, ხალხის მსახურის ლიდერი, დავით არახამია აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობა, შესაძლოა, 2023 წლის მეორე ნახევარში გაჩნდეს. ამის შესახებ მან 12 ნოემბერს, ტელემარათონის დროს ისაუბრა. 

"პატიოსნად, ვფიქრობ, რომ ეს იქნება მაშინ, როცა საარჩევნო ციკლები დაიწყებს მუშაობას როგორც რუსეთში, ასევე შეერთებულ შტატებში, ანუ ეს იქნება სადღაც მომავალი წლის მეორე ნახევარში, როდესაც აშშ-ში საპრეზიდენტო რბოლა უკვე დაიწყება და გარდა ამისა, პუტინს არჩევნები 2024 წელს ექნება და ყველას ენდომება რაღაც პოლიტიკურის დემონსტრირება.

მე არ ვფიქრობ, რომ პუტინს შეუძლია რაიმე სამხედრო წარმატებების დემონსტრირება, ამიტომ შესაძლოა, ისინი შეეცადონ, საკუთარ ხალხს რაიმე დაანახონ დიპლომატიურ ფრონტზე".- თქვა არახამიამ 

ფრაქციის თავმჯდომარემ ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთს ახლა დასვენება და ძალების აღდგენა სჭირდება, რის უფლებასაც უკრაინა მათ არ მისცემს. 

"ისინი გადაჯგუფდებიან, პრობლემებია იარაღთან დაკავშირებით, საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით. უბრალოდ დრო სჭირდებათ პოზიციების გასაძლიერებლად. ასეთ დროს არ მივცემთ".- თქვა არახამიამ. 


9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის შეთავაზების შემდეგ, ქალაქი ხერსონიდან და ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გამოყვანის ბრძანება გასცა

11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანა დაასრულეს. ამავე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ ხერსონში შევიდნენ და ოლქში გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლი აღადგინეს.

ოკუპირებული ხერსონის ე.წ. რეგიონის ადმინისტრაციის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი გასულ კვირაში ამბობდა, რომ მათი სამხედროები, შესაძლოა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ სტრემოუსოვი 9 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ოკუპირებული ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ მოსახლეობის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ევაკუაცია დაიწყო. 18 ოქტომბერს საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაურმა, ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ თქვა, რომ მიიღო "მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება" და მოსახლეობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაიყვანდნენ. აქამდე, 5 დღით ადრე, სალდომ მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება რუსეთის მთავრობას სთხოვა.

28 ოქტომბერს ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაასრულეს, მათ შორის რეგიონალური ცენტრიდან, ქალაქი ხერსონიდან. ევაკუაცია სავალდებულო არ ყოფილა.

18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის მიმართულებით რთულ ვითარებაში არიან და არ გამორიცხა "რთული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობა.

 

კომენტარები