დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთი აზერბაიჯანს კვლავ საზღვარზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

12 ნოემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანი კვლავ საზღვარზე ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა.

ერევანის ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის პოზიციებს ცეცხლი სხვადასხვა კალიბრის იარაღით 18:00-ზე გაუხსნეს და სროლა 19:00-მდე გაგრძლედა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევა სომხეთის აღმოსავლეთ საზღვრებთან მოხდა. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო საპასუხო ზომების მიღების შესახებ არ იტყობინება. ჯერჯერობით, საპასუხო განცხადებას არ ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

აქამდე, გასულ დღეებში მხარეებს შორის სასაზღვრო ცეცხლის გახსნა განახლდა. რუსეთში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შეტაკებები 7 ნოემბერს განახლდა. მომდევნო დღეებში, 8-11 ნოემბერს მხარეები ერთმანეთს სისტემატურად ადანაშაულებდნენ სასაზღვრო სროლებში.

გასულ დღეებში, 31 ოქტომბერს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის სოჭში შეხვედრა შედგა. მათ ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტის გადაჭრაზე ისაუბრეს, თუმცა არანაირი შეთანხმება არ გაფორმებულა.

შეხვედრამდე სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან ურთიერთობის აღსადგენად რუსეთის წინადადება მიიღოს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებს რუსეთის გარდა, ალტერნატიულ ფორმატში, ევროკავშირიც შუამავლობდა. ოქტომბრის პირველ ნახევარში პრაღაში გაიმართა ოთხმრივი შეხვედრა სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმება, შესაძლოა, 2023 წლამდე გაფორმებულიყო.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ხელახალი ზრდა სექტემბერში დაიწყო, როცა საზღვარზე მასშტაბური შეტაკებები მოხდა. სომხეთის ინფორმაციით, შეტაკებების დროს მათ 200-მდე სამხედრო დაკარგეს. ბაქო კი აცხადებდა, რომ შეტაკებებს, აზერბაიჯანის მხარეს, 80 ჯარისკაცი ემსხვერპლა. 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია.

კომენტარები