დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კვლავ სასაზღვრო პოზიციებისკენ სროლაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროების ცნობებით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა ერთმანეთს საზღვარზე კვლავ ცეცხლი გაუხსნეს. მხარეები პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 6 ნოემბერს, 19:35-დან 21:50-მდე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარისა და მოლაბაირამლის რაიონების საზღვართან აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან გაუხსნეს. მათივე თქმით, აზერბაიჯანის არმიამ "ადეკვატური ზომები" მიიღო.

საპირისპიროდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ 6 ნოემბრის ღამით, 7 ნოემბრის დადგომისას, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან სომხურ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. მათი ინფორმაციით, 7 ნოემბრის 8:00-სთვის სიტუაცია სტაბილური იყო.

გასულ კვირაში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის სოჭში შეხვედრა შედგა. მათ ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტის გადაჭრაზე ისაუბრეს, თუმცა არანაირი შეთანხმება არ გაფორმებულა.

შეხვედრამდე სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან ურთიერთობის აღსადგენად რუსეთის წინადადება მიიღოს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებს რუსეთის გარდა, ალტერნატიულ ფორმატში, ევროკავშირიც შუამავლობდა. ოქტომბრის პირველ ნახევარში პრაღაში გაიმართა ოთხმრივი შეხვედრა სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმება, შესაძლოა, 2023 წლამდე გაფორმებულიყო.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ხელახალი ზრდა სექტემბერში დაიწყო, როცა საზღვარზე მასშტაბური შეტაკებები მოხდა. სომხეთის ინფორმაციით, შეტაკებების დროს მათ 200-მდე სამხედრო დაკარგეს. ბაქო კი აცხადებდა, რომ შეტაკებებს, აზერბაიჯანის მხარეს, 80 ჯარისკაცი ემსხვერპლა. 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია.

კომენტარები