ოკუპირებული ხერსონის ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ "ოლქის" "დედაქალაქის" გადატანის გადაწყვეტილება არ მიუღიათ. აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ, ქალაქი ხერსონის უკრაინელების მიერ გათავისუფლების შემდეგ, ოკუპირებული ხერსონის დროებით "ადმინისტრაციულ ცენტრად" გენიჩესკი გამოცხადდა.
"გენიჩესკი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, სადაც რეგიონის ადმინისტრაციის უწყება დროებით იმყოფება". – აცხადებენ მარიონეტულ ადმინისტრაციაში.
განცხადებაში მარიონეტული რეჟიმი აღნიშნავს, რომ აქამდე არსებული ინფორმაცია ალექსანდრ ფომინმა გაავრცელა მაშინ, როცა ის ე.წ. რეგიონის ადმინისტრაციის თანამშრომელი არ იყო. მათი თქმით, ფომინს მსგავსი განცხადების უფლება არ ჰქონია. ალექსანდრს ფომინმა ცნობა, გენიჩესკის ოკუპირებული ოლქის "დედაქალაქად" გამოცხადების შესახებ, რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიას, РИА Новости-ის მიაწოდა.
9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის შეთავაზების შემდეგ, ქალაქი ხერსონიდან და ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გამოყვანის ბრძანება გასცა.
11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანა დაასრულეს. ამავე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ ხერსონში შევიდნენ და ოლქში გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლი აღადგინეს.
ოკუპირებული ხერსონის ე.წ. რეგიონის ადმინისტრაციის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი გასულ კვირაში ამბობდა, რომ მათი სამხედროები, შესაძლოა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ სტრემოუსოვი 9 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
ოქტომბრის შუა რიცხვებში ოკუპირებული ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ მოსახლეობის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ევაკუაცია დაიწყო. 18 ოქტომბერს საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაურმა, ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ თქვა, რომ მიიღო "მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება" და მოსახლეობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაიყვანდნენ. აქამდე, 5 დღით ადრე, სალდომ მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება რუსეთის მთავრობას სთხოვა.
28 ოქტომბერს ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაასრულეს, მათ შორის რეგიონალური ცენტრიდან, ქალაქი ხერსონიდან. ევაკუაცია სავალდებულო არ ყოფილა.
18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის მიმართულებით რთულ ვითარებაში არიან და არ გამორიცხა "რთული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობა.