დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს მცველმა რუსეთის ჯაშუშობა აღიარა

გასულ წელს რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ბრიტანელმა, დევიდ სმიტმა დანაშაული სრულად აღიარა

ლონდონის სასამართლოში სმიტმა თქვა, რომ 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის აგვისტომდე იგი რუს სამხედროებს, მათ შორის, რუსეთის სამხედრო ატაშეს გერმანიაში, გენერალ სერგეი ჩუხუროვს ბერლინის საელჩოში მომუშავე ადამიანების პირად ინფორმაციას გადასცემდა. 

ასევე, მან აღიარა, რომ საელჩოს შენობის განლაგებისა და მუშაობის შესწავლისთვის, ვიდეოთვალთვალის კამერების ჩანაწერებს აწარმოებდა. მოგვიანებით, სმიტმა რუსეთის დაზვერვას საელჩოს შენობის შესახებ ცნობები მიაწოდა. ამასთან ერთად, გადაიღო ოფიციალური დოკუმენტების არაავტორიზებული ასლებიც.

სმიტი გერმანიის პოლიციამ 2021 წლის 10 აგვისტოს დააკავა და აპრილში ბრიტანეთში ექსტრადირება მოახდინა. ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს დაცვის ყოფილ თანამშრომელს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ბრიტანელი პროკურორების თქმით, სმიტმა პირად საუბრებში აღიარა, რომ მას დიდი ბრიტანეთი სძულს. ასევე, სმიტმა აღნიშნა, რომ LGBT თემის მხარდაჭერის ნიშნად ქუჩებში ცისარტყელის დროშებიც აღიზიანებს.

კომენტარები