ნიკა გვარამიას საქმე

"მოგიწოდებთ, განიხილოთ გვარამიას შეწყალება" – 12 ევროპარლამენტარის წერილი ზურაბიშვილს

მთავარი არხი

12-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა და მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდა.  

წერილში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა შეუთავსებელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანასთან. შესაბამისად, ევროპარლამენტარები ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს პრეზიდენტის უფლებამოსილება და გვარამიას შეწყალება განიხილოს.  

"ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე მრავალი წელია, დგას. ეს გზა მარტივი არ არის, თუმცა მას მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის უმრავლესობა. 

ბოლო დროს, ევროკომისიის რეკომენდაციებისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის გაჩნდა პერსპექტივა, რომ მან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ისტორიული შესაძლებლობა უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს მიენიჭა იმ განუზომელი მსხვერპლის გამო, რომელსაც უკრაინა იღებს, რათა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დაიცვას ღირებულებები, რომლებზეც, ასევე, ევროკავშირი არის დაშენებული. 

ჩვენ, მხარს ვუჭერთ რა საქართველოს პროევროპულ გზას ევროპარლამენტში, დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი შესაძლებლობა არ უნდა იქნეს გაშვებული და საქართველოს ევროკავშირის სტატუსთან დასაახლოვებლად და წევრობის მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული. 

სამწუხაროდ, საქართველო ფართოდ არის აღქმული, როგორც ქვეყანა, სადაც პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და იმ საჯარო პირების დაკავება, რომლებიც ამჟამინდელი მთავრობის მიმართ კრიტიკულები არიან, შესაძლებელია. ფაქტი, რომ პოლიტიკური პატიმრები არსებობენ, შეუთავსებელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ქვეყანასთან.  

ევროპულმა პარლამენტმა დაგმო ნიკა გვარამიას, მთავარი არხის დირექტორის პატიმრობა ფულის გათეთრების, მოსყიდვისა და დოკუმენტების გაყალბების საეჭვო საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია მის, როგორც რუსთავი ორის დირექტორის წარსულ აქტივობებთან. დაპატიმრება საქართველოში ფართოდ არის აღქმული, როგორც მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ხმის ჩახშობის მცდელობა. თუმცა, 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 

ეს საქმე ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემისადმი არსებულ მუდმივ უნდობლობას, საჭიროებას, რომ მისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა უნდა გაიზარდოს. ეს ასევე ნეგატიურ გავლენას ახდენს მედიის დამოუკიდებლობაზე და იწვევს პოლარიზაციას. 

ამიტომ, ჩვენ მოგმართავთ მოწოდებით, რომ განიხილოთ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, რათა ბატონი გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდეს.  

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თქვენ იქნებით ლიდერი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ მიზანთან საქართველოს დაახლოვებაში". 

წერილს ხელს აწერენ:  

  • რასა იუკნევიჩიენე 
  • ანდრიუს კუბილიუსი 
  • იუზას ოლეკასი 
  • მირიამ ლექსმანი 
  • დეის მელბარდე 
  • ანა ფოტიგა 
  • ბერნარდ გეტა 
  • ანდრეი კოვაჩევი  
  • აუშრა მალდეიკიენე
  • პეტერ პოლაკი 
  • კარლო ფიდანზა
  • რაფაელ გლუკსმანი 

კომენტარები