Twitter

ბაიდენი: TWITTER-ი მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციას ავრცელებს

REUTERS/Evelyn Hockstein

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ილონ მასკმა შეიძინა სოციალური ქსელი Twitter-ი, რომელიც მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციას ავრცელებს.

"ის, რაც ყველას გვაწუხებს - ილონ მასკი მიდის და ყიდულობს [Twitter-ს], რომელიც მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციას ავრცელებს. ამერიკაში რედაქტორები აღარ არსებობენ. როგორ უნდა ავუხსნათ ბავშვებს, თუ რა დევს სასწორზე?" - თქვა ბაიდენმა. 

გუშინ, 4 ნოემბერს Twitter-მა თავისი თანამშრომლების ნახევარი გაათავისუფლა. თუმცა, მასკის მითითებით, შემცირება ნაკლებად შეეხო გუნდს, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციაზეა პასუხისმგებელი.

Reuters-ის წყაროს ცნობით, მასკმა Twitter-ის გუნდს უბრძანა, რომ ინფრასტრუქტურული ხარჯი $1 მილიარდამდე შეემცირებინათ.

მანამდე, ილონ მასკმა Twitter-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა.

28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.

როგორც 14 აპრილს გახდა ცნობილი, მასკი Twitter-ის სრულად ყიდვას აპირებდა. აქამდე, 5 აპრილს მან სოციალური ქსელის $3 მილიარდის ღირებულების აქციები შეიძინა, რაც სრული წილის 9.2% იყო. შედეგად, მასკი Twitter-ის ყველაზე მსხვილი აქციონერი გახდა.

კომენტარები