ნიკა გვარამიას საქმე

კობახიძე გვარამიაზე: არ ვარ აშშ-ის ელჩი, ჩავერიო ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში

ირაკლი კობახიძე

"მე არ ვარ აშშ-ის ელჩი, რომ ჩავერიო ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში".- ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კობახიძე ეხმიანება აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე, სადაც საელჩომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეშფოთება გამოხატა. 

"7 მილიონის ძარცვა, შეიძლება ამერიკის ელჩისთვის გამოიყურება როგორც არაფერი, როგორც კეთილშობილური მოვლენა, მაგრამ ჩვენთვის ეს გამოიყურება, როგორც მედიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ჩვენ ვმსჯელობთ სამართლებრივი და ფაქტობრივი კატეგორიებით და არა აღქმებით, აღქმა არავის აინტერესებს".- ამბობს ირაკლი კობახიძე. 

მისივე თქმით, ქართული ოცნება სასამართლოს უზენაესობას, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს პატივს სცემს და იმავეს ნებისმიერი პარტნიორისგან ითხოვს. 

"აშშ-ს საელჩოს განცხადება იყო პირდაპირი ჩარევა საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. არავის არ აქვს უფლება, ზეგავლენა მოახდინოს, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. და როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, ერთ-ერთი მიზანი აქ შეიძლება იყოს კასაციაზე ზეგავლენის მოხდენაც. როდესაც ასე ფასდება ამერიკის ელჩის მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს ხომ უნდა ავიდეს კიდევ ზევით კასაციის დონეზე. როგორ შეიძლება, რომ ასეთი შეფასება გაკეთდეს ამერიკის ელჩის მხრიდან, აპელაციის შემდეგ. ეს ნებისმიერი იურისტისთვის არის ორჯერ ორი ოთხი. ასეთი განცხადება ნიშნავს პირდაპირ და უხეშ ჩარევას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში".- ამბობს კობახიძე.

სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ისინი ამ გადაწყვეტილებაზე ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და ამბობენ, რომ გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.

კომენტარები