რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NY Times: რუსეთის სამხედრო ლიდერებმა ბირთვული იარაღის გამოყენება განიხილეს

РС-28 სარმატის ტიპის რაკეტა წითელ მოედანზე

გამოცემა The New York Times-ის ცნობით, რუსეთის სამხედრო ლიდერებმა რამდენიმე ხნის წინ განიხილეს თუ როდის და როგორ იქნება შესაძლებელი მათ მიერ უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება. გამოცემა ინფორმაციას აშშ-ს 2 ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

NY Times-ი აღნიშნავს, რომ საუბრებში მონაწილეობა არ მიუღია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, თუმცა ფაქტმა, რომ სამხედრო ლიდერებმა ეს შესაძლებლობა განიხილეს, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შეშფოთება გამოიწვია. 

ამის მიუხედავად, NY Times-ის წყაროების ცნობით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთს ბირთვული იარაღი მზადყოფნაში მოჰყავს ან დარტყმისთვის სხვა ტაქტიკურ ზომებს იღებს.

გამოცემის ცნობით, სადაზვერვო ინფორმაცია აშშ-ს მთავრობაში ოქტომბრის შუა რიცხვებში გავრცელდა.

ამერიკელ მაღალჩინოსნებს არ უსაუბრიათ სცენარებზე, რომლებიც რუსმა სამხედრო ლიდერებმა განიხილეს. თუმცა, აქამდე აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბარნსმა თქვა, რომ პუტინმა ბირთვული იარაღი, შესაძლოა, "პოტენციური სასოწარკვეთილების" შემთხვევაში გამოიყენოს.

ინფორმაცია რუსეთის მზარდი ბირთვული ტერორის რიტორიკისა და უკრაინის მიერ "ბინძური ბომბის" გამოყენების შესაძლებლობის ბრალდებების ფონზე გავრცელდა.


ბოლო ხანებში რუსეთის ბირთვული შანტაჟის რიტორიკა მკვეთრად გაიზარდა.

პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის უკანონო ანექსიის გამოცხადების ცერემონიაზე, 30 სექტემბერს თქვა, რომ საკუთარ მიწას არსებული ყველა ძალითა და საშუალებით დაიცავდნენ. ამას გარდა, მან ხაზი გაუსვა, რომ ისტორიაში ბირთვული იარაღის გამოყენების პრეცედენტი არსებობს. 

აქამდე, 21 სექტემბერს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მან დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული შანტაჟის რიტორიკა განაგრძო. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, "უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი".

ამას გარდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

ბირთვული შანტაჟი უფრო მძაფრი მოსკოვის ახალი ბრალდების შემდეგ გახდა. 23 ოქტომბერს სერგეი შოიგუმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან საუბრის დროს უკრაინის მხრიდან "ბინძური ბომბის" გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა. ამავე საკითხზე ესაუბრა აშშ-ს თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინსაც. ბრალდებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ ხშირად რუსეთი სხვებს აბრალებს იმას, რასაც თავად აპირებენ. 

კიევმა ბრალდებასთან დაკავშირებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სთხოვა, რომ შეემოწმებინათ ორი ბირთვული ობიექტი, სადაც, რუსეთის ბრალდებით, "ბინძურ ბომბებზე" მუშაობდნენ.

ბინძური ბომბი არის კონვენციური იარაღისა და ბირთვული მასალის შერწყმით შექმნილი მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღი.

27 ოქტომბერს ვალდაის კლუბის შეხვედრაზე პუტინმა კვლავ ისაუბრა ბირთვულ იარაღზე. მისი თქმით, რუსეთს უკრაინაში ბირთვული იერიში არც პოლიტიკურ და არც სამხედრო კონტექსტში სჭირდება.

ამას გარდა, პუტინის მტკიცებით, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე საკუთარი ინიციატივით არასდროს ულაპარაკია და მხოლოდ დასავლეთის ლიდერებს "მინიშნებებით" პასუხობდნენ.

კომენტარები