ბირთვული შანტაჟი

პუტინი: NATO-ზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს, სურთ შემცირებაზე მოლაპარაკება, ჯანდაბა მათ

ვლადიმირ პუტინი 2023 წლის პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

პუტინმა კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია, თუ მათ სახელმწიფოებრივი საფრთხე შეექმნებათ.

"ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთის მიერ, რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია, თუ შეექმნება საფრთხე ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და რუსული სახელმწიფოს არსებობის სუვერენიტეტს". – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსეთს NATO-ზე მეტი ბირთვული შეიარაღება აქვს და მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ უწმაწური ტერმინი გამოიყენა.

"ჩვენ მსგავსი იარაღი (ბირთვული) NATO-ს ქვეყნებზე მეტი გვაქვს. მათ ეს იციან და მუდამ გვარწმუნებენ, რომ შემცირებაზე საუბრები დავიწყოთ. ჯანდაბა მათ (რუს. - Хрен им)... როგორც ჩვენებურად იტყვიან". – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი ნაწილი ბელარუსის ტერიტორიაზე უკვე განათავსეს. მისი მტკიცებით, ეს პროცესი ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება. პუტინი ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას შეკავების ელემენტს უწოდებს.

"ეს სწორედ შეკავების ელემენტია, რადგან ყველა, ვინც ჩვენს სტრატეგიულ დამარცხებაზე ფიქრობს, ეს გარემოება არ დაავიწყდეთ". – თქვა პუტინმა.

პუტინის უხეში სიტყვების მიუხედავად, მისმა პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მალევე განმარტა, რომ ეს ნათქვამი არ ნიშნავს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის მზად არაა.

"რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზადაა". – აღნიშნა პესკოვმა.

კომენტარები