ისრაელი

ისრაელში ბოლო 3 წელში მეხუთე საპარლამენტო არჩევნები იმართება

AP Photo/Tsafrir Abayov

ბოლო 3 წელში უკვე მეხუთედ ისრაელში საპარლამენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 16:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 47.5% იყო, რაც იმავე დროისთვის 1999 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარი კონკურენტი პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი, ცენტრისტი იაირ ლაპიდია.

იმის გამო, რომ ყოფილი მოკავშირეები მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ალიანსზე უარს ამბობდნენ, მან 120-ადგილიან ქნესეთში (ისრაელის პარლამენტი) უმრავლესობის მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.

ისრაელში მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პარტიას ან პარტიების კოალიციას მინიმუმ 61 მანდატი სჭირდება. უმრავლესობის მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭირო მანდატების მოპოვება უჭირთ ნეთანიაჰუს ოპონენტებს – იდეოლოგიურად მრავალფეროვანი პარტიების კოალიციასაც. შექმნილმა პოლიტიკურმა ჩიხმა ისრაელი უპრეცედენტო პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა.

73 წლის ნეთანიაჰუს ბრალი თაღლითობასა და ქრთამის აღებაში ედება, ის დანაშაულს უარყოფს, თუმცა მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესების დროს გასაჯაროებული დეტალები არაერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში.

ისრაელის ფრაგმენტულ პოლიტიკაში კოალიციის გარეშე აქამდე არცერთ პარტიას არ მოუპოვებია მთავრობის შესაქმნელად საჭირო საპარლამენტო მანდატები. ნეთანიაჰუსთვის პრემიერობისკენ ყველაზე რეალისტური გზა კი რადიკალურ ნაციონალისტებთან და ულტრა მართლმადიდებლური იდეოლოგიის მქონე პარტიებთან კოალიციაა.

თავის მხრივ, ეს პარტიები ნეთანიაჰუს სამთავრობო კაბინეტში საკვანძო პორტფელებს ითხოვენ. არაერთი კრიტიკოსი ამგვარი კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლას ისრაელის დემოკრატიისთვის დიდ საფრთხედ მიიჩნევს.

ნეთანიაჰუს პარტიამ – ლიკუდმა განაცხადა, რომ მათი ლიდერის საქმის შესაწყვეტად კანონში რაიმე ცვლილებას არ შეიტანენ, ხოლო პოტენციური კოალიციის ექსტრემალური ელემენტები მაქსიმალურად შეიზღუდებიან.

ნეთანიაჰუ 12-წლიანი მმართველობის შემდეგ მრავალპარტიულმა კოალიციამ გადააყენა, რომელიც ლაპიდმა, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ შექმნა, თუმცა ეს მრავალფეროვანი კოალიცია შიდა დაპირისპირებების გამო 2022 წლის გაზაფხულზევე დაიშალა.

ხმების დათვლის შემდეგ, პარტიებს დაახლოებით სამი თვე აქვთ მთავრობის ფორმირებისთვის, თუ ეს ვერ შეძლეს, ისრაელში კიდევ ერთი არჩევნები ჩატარდება.

საარჩევნო უბნები ისრაელში თბილისის დროით 22:00 საათზე დაიხურება.

კომენტარები