ნიკა გვარამიას საქმე

ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2 ნოემბერს გამოცხადდება

ნიკა გვარამია

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ, 2 ნოემბერს გამოცხადდება. 

მთავარი არხის ცნობით, განაჩენის გამოცხადება 11:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პირველი ინსტანციის განჩინების შემდეგ, ნიკა გვარამიას პროცესებმა სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა.

16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

კომენტარები