სახალხო დამცველი

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მომავალი ომბუდსმენი – რელიგიათა საბჭოს განცხადება

რელიგიათა საბჭო
tolerantoba.ge

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოსა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი ორგანიზაციები ომბუდსმენის არჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ომბუდსმენი უნდა ხელმძღვანელობდეს კანონის უზენაესობით, კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებით და, სხვა უფლებებთან ერთად, განუხრელად უნდა იცავდეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს, იბრძოდეს დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ. 

შესაბამისად, განცხადების ავტორთა შეფასებით, მომავალ სახალხო დამცველი თავის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში აუცილებელია, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური გავლენისა და მიკერძოებისგან, მისი საქმიანობა უნდა იყოს რელიგიური თვალსაზრისით ნეიტრალური და ხელს უწყობდეს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს.

"სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი ორგანიზაციები აცნობიერებენ სახალხო დამცველის როლსა და მნიშვნელობას საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის დემოკრატიული კურსით განვითარების კუთხით და გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. 

რელიგიათა საბჭოსა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ სახალხო დამცველს უნდა გამოარჩევდეს ადამიანის უფლებების დაცვის ხანგრძლივი გამოცდილება, რომელიც საჯარო და თვალსაჩინოა. 

ამასთანავე, ადამიანის უფლებების სამართლის ცოდნის მხრივ, სახალხო დამცველის კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაღალი კომპეტენცია და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობისადმი ღრმა რწმენა. სახალხო დამცველი უნდა იყოს თითოეული ადამიანის უფლებათა მტკიცე ქომაგი, მიუხედავად იმისა, რომელ ჯგუფს შეიძლება მიეკუთვნებოდეს იგი - უმრავლესობასა თუ უმცირესობას; 

ამდენად, ადამიანის უფლებების დაცვის ასპარეზზე სახალხო დამცველი უნდა ხასიათდებოდეს პრინციპულობითა და შეუვალობით; ის არ უნდა ერიდებოდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც, შესაძლოა, ხელისუფლების, უმრავლესობის, ან რომელიმე დაინტერესებული ჯგუფის მიერ არ იქნება მოწონებული და გაზიარებული; სახალხო დამცველი უნდა ხელმძღვანელობდეს კანონის უზენაესობით, კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებით და სხვა უფლებებთან ერთად, განუხრელად იცავდეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს, იბრძოდეს დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ.

აქედან გამომდინარე, შერჩეული პიროვნება თავის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში აუცილებელია, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური გავლენისა და მიკერძოებისგან, მისი ამ თანადებობაზე საქმიანობა იყოს რელიგიური თვალსაზრისით ნეიტრალური და ხელს უწყობდეს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს. 

ჩვენ ვიმედოვნებთ და მოველით, რომ საქართელოს საკანომდებლო ორგანო, სახალხო დამცველის არჩევის გადაწყვეტილებისას, ხსენებული კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს". - ვკითხულობთ განცხადებაში.  

საქართველოს პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. კანდიდატების ჩამონათვალი შეგიძლიათ, ნახოთ ლინკზე.   

კომენტარები