სახალხო დამცველი

აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი – არასამთავრობოებმა ომბუდსმენობის კანდიდატები წარადგინეს

ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ნაზი ჯანეზაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალო დამცველის თანამდებობისთვის ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილი კანდიდატურები წარადგინეს.

ანა აბაშიძე არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ხელმძღვანელია, გიორგი ბურჯანაძე მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე, ხოლო ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზაცია სასამართლო გუშაგის ხელმძღვანელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრია.

"ამ 3 ადამიანს წარმოადგენს ჩვენი ჯგუფი, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატებს და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სუბიექტებთან და პოლიტიკურ პარტიებთან, რათა შემდეგ მათაც სწორედ ეს ადამიანები დაასახელონ, რათა სამივეს ეყაროს კენჭი უშუალოდ პარლამენტში". – თქვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობილივი ბრიფინგის დროს.

9 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი 83 ხმით დაამტკიცა. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს და ამ საკითხს ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს მიანდობენ.

სახალხო დამცევლის არჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შემადგენელი ნაწილია.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე შეფასების სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომელშიც ცხრა წევრი იქნება, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ჯგუფი შეაფასებს თითოეულ წარდგენილ კანდიდატს რეგლამენტში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით, ამის შემდეგ კანდიდატები წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს,  რომლებმაც შემდეგში კანდიდატები დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარუდგინონ.

პარლამენტი სახალხო დამცველობის კანდიდატების განხილვას დაიწყებს, თუ დასახელებული კანდიდატების რაოდენობა შვიდზე ნაკლები არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურები თავიდან დაიწყება.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

კომენტარები