ირანი-ისრაელი

ირანი: დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ისრაელის სასარგებლოდ მომუშავე 10 აგენტი დავაკავეთ

AP Photo/Middle East Images

ირანის ხელისუფლების თქმით, მათ დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ისრაელის სასარგებლოდ მომუშავე 10 აგენტი დააკავეს. ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ნახევრად ოფიციალურ ირანულ სააგენტო Fars-ზე დაყრდნობით ავრცლებს.

გამოცემის ცნობით, მოსადის სადაზვერვო სააგენტოსთან კონტაქტში მყოფმა პირებმა ირანის უსაფრთხოების აპარატის წარმომადგენლების წინააღმდეგ ოპერაციები ჩაატარეს.

"მათ ცეცხლი წაუკიდეს უსაფრთხოების აპარატთან დაკავშირებული პირების ავტომობილებსა და სახლებს, შემდეგ კი ფული მიიღეს ფოტოების გადაღებისთვის, რომლებიც მოსადის აგენტებს გაუგზავნეს". - წერია განცხადებაში.

როგორც The Times of Israel აღნიშნავს, ირანი პერიოდულად ავრცელებს ცნობებს იმ ადამიანების დაკავების შესახებ, რომლებიც მათი თქმით, სხვადახვა ქვეყნის აგენტები არიან, მათ შორის აშშ-სა და ისრაელის, თუმცა ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს არ წარმოადგენენ.

ირანის ხელისუფლების თქმით, ქალების უფლებების დარღვევისა და ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე "სახალხო არეულობები" სწორედ აშშ-სა და ისრაელის ორკესტრირებულია.

ამასთან, ორი კვირის წინ ირანმა გაავრცელა ცნობა, სამხრეთ კერმანის პროვინციაში "სიონისტი ჯაშუშის" დაკავების შესახებ, რომელიც მათი თქმით, ბიზნესმენის როლს ირგებდა.

პროკურატურის მტკიცებით, ჯაშუში კერმანში "უსაფრთხოების შერყევას" გეგმავდა, თუმცა ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წევრებმა მისი დაკავება მოახერხეს. მათი ცნობით, დაკავებული ასევე გეგმავდა ისრაელის აგენტებთან ახლომდებარე ქვეყანაში შეხვედრას და მათგან ახალი დავალებების მიღებას.

კომენტარები