კრიმინალი

პოლიციამ 2002 წლიდან ძებნილი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი დააკავა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა, რომელსაც უწყება 2002 წლიდან ეძებდა. პოლიციამ 2002 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის 1975 წელს დაბადებული კ.ც. დააკავა. იგი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა.

გამოძიებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა კ.ც.-მ 2002 წლის 4 სექტემბერს ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერთან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.ტ.-ს სხეულზე 5 ჭრილობა მიაყენა, ხოლო მისმა თანმხლებმა კ.ვ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა ჯ.ზ, რის შემდეგაც ორივე პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი გ.ტ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, ხოლო ჯ.ზ. მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბრალდებული კ.ვ. პოლიციამ 2004 წელს დააკავა. დაკავებული კ.ც. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

კომენტარები