დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ ერთმანეთს საზღვაო საზღვართან გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს

სამხრეთ კორის სამხედრო ხომალდი წვრთნებზე. 2015 წლის 23 ოქტომბერი.
სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ საზღაო საზღვარზე ერთმანეთს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს.

24 ოქტომბერს, სამხრეთ კორეის გენერალთა გაერთიანებული შტაბის თქმით, ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო ხომალდმა დაარღვია ორ ქვეყანას შორის არსებული დე ფაქტო საზღვაო საზღვარი – ჩრდილოეთის გამყოფი ხაზი (NLL).

ჩრდილოეთის მიერ საზღვაო საზღვრის დარღვევა აშშ-სა და სამხრეთ კორეის მიერ ოთხდღიანი ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნების წინ დაიწყო. წვრთნები ტარდება რათა მხარეებმა "მოწინააღმდეგის პროვოკაციების" წინააღმდეგ ერთობლივი ოპერატიული შესაძლებლობები გააუმჯობესონ.

სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეულ გემს გაფრთხილების სიგნალი გაუგზავნეს და გამაფრთხილებელი გასროლები შეასრულეს.

სამხრეთ კორეის სამხედროების თქმით, 2017 წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩრდილოეთ კორეამ NLL-ი დაარღვია.

კორეულ მედიასთან საუბარში სამხრეთ კორეელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ სავაჭრო გემმა NLL-ის სამხრეთით 3.3 კილომეტრი გაცურა და სამხრეთ კორეის წყლებში 40 წუთით გაჩერდა.

სამხრეთ კორეის ძალებმა სავაჭრო გემს გაფრთხილება ოცჯერ გადასცეს, მაგრამ ხომალდი წყლებს არ ტოვებდა. ამის შემდეგ, მათ M60-ის ტიპის ტყვიამფრქვევიდან 20 გამაფრთხილებელი გასროლა შეასრულეს. ამას გარდა, სამხრეთ კორეამ მიდამოებში რამდენიმე ხომადლდი გაგზავნა.

ხომალდები ჩრდილოეთის სავაჭრო გემს 1 კილომეტრის დაშორებით მიუახლოვდნენ. პარალელურად ჩრდილოეთ კორეის ხომალდებმა დაიწყეს გამაფრთხილებელი შეტყობინებების გაგზავნა, რომ სამხრეთის გემებს მათი საზღვაო საზღვარი არ დაერღვიათ.

სამხრეთ კორეის გამაფრთხილებელი გასროლების პასუხად, ჩრდილოეთმა სანაპიროდან დაახლოებით ათი საარტილერიო ჭურვი გაისროლა. ჩრდილოეთის გამაფრთხილებელი გასროლები მათი სავაჭრო ხომალდის მიერ ტერიტორიის დატოვებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მოხდა.

ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის გენერლის თქმით, მათი გასროლები უკავშირდებოდა სამხრეთ კორეული ფრეგატის მიერ მათი ტერიტორიული წყლების დარღვევას.

სამხრეთ კორეის შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტში მიაჩნიათ, რომ ეს შემთხვევა არღვევს 2018 წლის 19 სექტემბრის შეთანხმებას, რომელიც სასაზღვრო ზონებში "მტრული ქმედებების" აკრძალვას ითვალისწინებს და აწესებს შეზღუდვებს გარკვეული სახის იარაღის გამოყენებაზე.

ჩრდილოეთ კორეა NLL-ს არ აღიარებს და ფხენიანში მიიჩნევენ, რომ ეს ზღვარი კორეის შიდა საზღვაო დემარკაციის ხაზია.

კომენტარები