ქართული ოცნება

"კულტურაზე მკითხეთ" – ელისო ბოლქვაძე რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებაზე

საქართველოს პარლამენტი

"მე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ვარ და კულტურაზე მკითხეთ, კი ბატონო" – ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ტელეკომპანია ფორმულას შეკითხვას – არის თუ არა რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო.

"თქვენ პროვოკაციებს მე არ წამოვეგები. მობრძანდით კაბინეტში და მაშინ შეიძლება განვიხილოთ. წინასწარ შემითანხმდით. [...] თქვენი კითხვა შეინახეთ თქვენთვის". – უთხრა ბოლქვაძემ ჟურნალისტს.

13 ოქტომბერს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გატანილ რეზოლუციას, რომლითაც ორგანიზაციამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. მმართველი პარტიის წევრების მტკიცებით, მიზეზი რეზოლუციაში გაჩენილი ჩანაწერია, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად აღიარებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 99 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი სახელმწიფო ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. რეზოლუციის სახელწოდებაა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მორიგი ესკალაცია". დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის აგრესია უნდა დაიგმოს, როგორც დანაშაული, საერთაშორისო სამართლის დარღვევა და მთავარი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

კომენტარები