ტრაგედია ვაკის პარკში

ფურცხვანიძე: პასუხისმგებლობა ღმერთისგან მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, რა იქნება, არ მაინტერესებს

ლაშა ფურცხვანიძე
კადრი ვიდეოდან/მთავარი

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გრინსერვის+-ის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე კიდევ ერთხელ, მესამედ გამოკითხეს. ჟურნალისტებთან საუბრისას მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შადრევანში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, ასევე მისი დასრულების შემდეგაც ჩატარდა შემოწმებითი სამუშაოები. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ იყო დამონტაჟებული წყალში 220 ვოლტიანი კვების ბლოკი, ფურცხვანიძემ აღნიშნა, რომ ეს ყველგან ასეა. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა კითხვები დაუსვევს გამომძიებლება. 

"შემოწმებული იყო ელექტროობა, შემოწმებული იყო დაინსტალირების დროსაც და მერეც... მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე და აწი რა პასუხიმგებლობა იქნება, სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს".- ამბობს ფურცხვანიძე. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გრინსერვის+-მა დაიქირავა სამშენებლო ექპერტიზის ბიურო, რომელიც 2022 წლიდან ექსპერტიზის ხელმოწერის გაყალბებისთვის შავ სიაში იმყოფება. ბიურომ  ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 6 ინსპექტირებიდან 5 ჩაატარა. 


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.

გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის მიერ გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.

კომენტარები