ჩინეთი

სი ძინფინგი ტაივანზე: არასდროს გავცემთ პირობას, რომ ძალას არ გამოვიყენებთ

ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის ლიდერმა, სი ძინფინგმა ჩინეთ-ტაივანის ურთიერთობაზე კვლავ გაამახვილა ყურადღება და კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გზებზე ისაუბრა.

სიმ აღნიშნა, რომ ჩინეთის სურვილია, ქვეყნის გაერთიანების საკითხი მშვიდობიანი გზებით გადაწყდეს, თუმცა, არასდროს გამორიცხავს ძალის გამოყენებას.

"ტაივანის საკითხის მოგვარება ჩინელი ხალხის საქმეა და გადაწყვეტილებაც ჩინელი ხალხის მისაღებია. ჩვენ დაჟინებით ვცდილობთ მშვიდობიანად გაერთიანების პერსპექტივის მოძებნას, მაგრამ არასდროს დავდებთ პირობას, რომ უარს ვიტყვით ძალის გამოყენებაზე და დავიტოვებთ არჩევანს, გამოყენოთ ყველა საჭირო ზომა. ეროვნული გაერთიანებისა და ეროვნული გამოცოცხლების ისტორიული ბორბლები წინ ტრიალებენ. სამშობლოს სრულ გაერთიანებას უნდა მივაღწიოთ". – თქვა სიმ.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები