ტრაგედია ვაკის პარკში

"შავ სიაში მოხვედრა იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შიმშილით მოვკვდე"– სამშენებლო ბოუროს დირექტორი

სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 6 ინსპექტირებიდან 5 ჩაატარა 2022 წლიდან შავ სიაშია შეყვანილი. 

აღნიშნულმა კომპანიამ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 420 000 ლარიან ტენდერში 2022 წლის თებერვალში ექსპერტად გარდაცვლილი ადამიანი წარადგინა. 

TV პირველთან საუბარში ბიუროს დირექტორი, ზურაბ ამირანაშვილი აცხადებს, რომ შავ სიაში მოხვედრა ტენდერებში მონაწილეობას უკრძალავს, "თორემ ფიზიკურ პირს და ჩვეულებრივ იმასთან პრობლემა არა აქვს"

"სანამ ცოცხალი იყო, გადმოგზავნილი ჰქონდა მეილზე ფაქსიმილია და დავადეთ ის, ვურეკავდით და არ მპასუხობდა და ამიტომ დავადე. ვაგე პასუხი, კომპანია შავ სიაშიც მოხვდა, გამასამართლეს კიდევაც, აკრედიტაციაც გამიუქმეს..შავ სიაში მოხვედრა და ერთი რაღაცა დანაშაული იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შიმშილით მოვკვდე და აღარ ვიმუშაო? "- ამბობს ის TV პირველთან

მისივე თქმით, გრინსერვის + მისი დამკვეთია და ბიურო ექსპერტიზას ატარებდა ვაკის პარკში, თუმცა დირექტორის თქმით, დასკვნით ეტაპზე მათ მონაწილეობა არ მიუღიათ. 

"ჩვეულებრივი დამკვეთი იყო  გვიკვეთავდა ექსპერტიზას და ვუსრულებდით, მეტი არაფერი. ბოლო ერთი თუ ორი დასკვნა ჩაატარეს სხვებმა. ჩვენ ჩავატარეთ მხოლოდ დემონტაჟის სამუშაოებზე ექსპერტიზა, მერე რაღაც ბეტონების სამშენებლო სამუშაოები იყო, ანუ ბეტონები ჩაასხეს და მაგაზე ჩავატარეთ. ელექტრობის ნაწილზე რომ გადავიდნენ, ჩვენთან აღარ მოვიდნენ, უკვე სხვაგან წავიდნენ".- აცხადებს ამირანაშვილი. 

მისივე თქმით, შსს-მ მისი თანამშრომლები დაკითხა და თუ თავადაც დაიბარეს, "დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას. 


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.

გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის მიერ გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.

კომენტარები