ტრაგედია ვაკის პარკში

"მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ალბათ, დღეს სახლში გავუშვებთ" – ექიმი 13 წლის ბიჭზე

დავით ციბაძე

ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის თქმით, ვაკის პარკის ტრაგედიის დროს დაშავებული 13 წლის ბიჭის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას სავარაუდოდ დღეს გაწერენ. 

"ლაზარეს მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. უკვე გავიდა ის პერიოდი, რომელიც სხვადასხვა რისკებთან იყო დაკავშირებული. ამ წუთებში, გარკვეული კვლევების და კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტავთ, სავარაუდოდ, აღარ იქნება მისი ინტენსიურ თერაპიაში გაჩერება საჭირო და მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება ამბულატორიულად. ალბათ, დღის განმავლობაში სახლში გავუშვებთ".- თქვა ექიმმა. 

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მესამე ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. 

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.

გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის მიერ გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.

კომენტარები