რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: ჩვენმა სამხედროებმა უკვე ისწავლეს ირანული დრონების განადგურება

CNN

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, მათმა სამხედროებმა ირანული ე.წ. კამიკაძე დრონების განადგურება უკვე ისწავლეს, რომელსაც რუსი ოკუპანტები იყენებენ.

"ამჟამად, რუსეთის ფედერაციას დაახლოებით 300-მდე ირანული დრონი აქვს. ისინი ცდილობენ, რომ კიდევ რამდენიმე ათასი ასეთივე დრონი შეიძინონ. შეძლებენ თუ არა ამას, ვნახავთ, თუმცა, ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამიტომ, უსაქმურად არ ვსხედვართ. ვავითარებთ სისტემებს, რომ ეს დრონები გავანეიტრალოთ. უკრაინელი სამხედროები ამ დრონებს ანადგურებენ, მათ უკვე ისწავლეს ამის გაკეთება. ვაკვირდებით, მას როგორი ელექტრონული ტვინი აქვს და ამის მიხედვით წინააღმდეგობისთვის სხვადასხვა სისტემას ვამზადებთ". - თქვა რეზნიკოვმა საინფორმაციო ტელე-მარათონის დროს.

დასავლეთის დაზვერვის ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა ირანისგან ასობით დრონი მიიღო.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის მიერ შეძენილი ირანული წარმოების დრონების დიდი ნაწილი წარუმატებლად ფუნქციონირებს. ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვით, გამოცემასთან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით რუსეთმა ირანისგან მიიღო Mohajer-6 და შაჰედის სერიის უპილოტო საფრენი აპარატები.

დრონების შესახებ ინფორმაცია ივლისის დასაწყისში თეთრმა სახლმა გაავრცელა - მათი ცნობით, რუსი ოფიციალური პირები სულ მცირე ორჯერ მაინც ეწვივნენ ირანს, რათა ენახათ უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც უკრაინაში ომში გამოყენება სურდათ.

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ჟურნალისტებს სატელიტური ფოტოების შესახებ აცნობა, თქვა, რომ მოსკოვის მცდელობა, შეიძინოს დრონები თეირანიდან აჩვენებს, რომ რუსეთი "ფსონს ირანზე დებს".

კომენტარები