ვაკის პარკი

ექიმი დაშავებულ ბიჭზე: შედარებით იმედიანად ვართ, თუმცა ჯერ რამე პროგნოზის გაკეთება ძნელია

თბილისის მერია

ნიუ ჰოსპიტალის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა, ის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. ექიმის თქმით, მიმდინარეობს ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციების 24-საათიანი მონიტორინგი.

"ჩვენთან ამ წუთისთვის ჩატარებულია გულის, ტვინის, შინაგან ორგანოებზე ყველანაირი კვლევა. პათოლოგიური ცვლილებები ნაკლებადაა დაფიქსირებული, ამიტომ შედარებით იმედიანად ვართ და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა ჯერ რაიმე პროგნოზის გაკეთება ძნელია, რადგან 24 საათიც არ გასულა შემთხვევის მომენტიდან და ბავშვის მდგომარეობა რჩება მძიმე. მიდის 24-საათიანი მონიტორინგი სასიცოცხლო ფუნქციების და ა.შ.

პირველი 24 საათია ყველაზე რთული პერიოდი. 72 საათი უნდა გავიდეს, სტაბილური მდგომარეობა უნდა ჰქონდეს, გაღვიძების მცდელობა უნდა გვქონდეს და შემდეგ შეფასდეს ნევროლოგიურად, რომ რაღაც პროგნოზებზე ვისაუბროთ. ჯერ ძალიან ადრეა. ამ ეტაპზე სედაციის ქვეშ არის და იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე”,- ამბობს ექიმი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.  

გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

გუშინ, 12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის მიერ გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.

კომენტარები