რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: NATO-ს მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის ბირთვულ იერიშს თითქმის უეჭველი ფიზიკური პასუხი მოჰყვება

რუსული ბალისტიკური რაკეტა PC-24 Ярс-ი წითელ მოედანზე, 2016 წლის პარადი

CNN-ის ცნობით, NATO-ს ოფიციალური პირის თქმით, რუსეთის მიერ ბირთვული იერიშის მიტანა "თითქმის უეჭველად" გამოიწვევს "ფიზიკურ პასუხს" უკრაინის მოკავშირეებისა და პოტენციურად NATO-ს მხრიდან.

ბრიუსელში, NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს, NATO-ს მაღალი რანგის წარმომადგენლმა გააჟღერა გაფრთხილება, რომ მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას რუსეთისთვის "არნახული შედეგები" ექნება.

"ეს გამოიწვევდა თითქმის უეჭველ ფიზიკურ პასუხს ბევრი მოკავშირისა და, პოტენციურად, თავად NATO-ს მხრიდან". – პრესსამსახურის მიხედვით, თქვა NATO-ს მაღალჩინოსანმა. 

ოფიციალურმა პირმა ასევე დაამატა, რომ რუსეთი ბირთვულ მუქარას ძირითადად იმისთვის იყენებს, რომ ალიანსი და სხვა ქვეყნები უკრაინაში მიმდინარე ომში პირდაპირ არ ჩაერთონ.

21 სექტემბერს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მან დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული შანტაჟის რიტორიკა განაგრძო. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, "უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი".

ამას გარდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

კომენტარები