რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მიერ ატომური იარაღის გამოყენებას NATO ფიზიკურად უპასუხებს – NATO-ს მაღალჩინოსანი

reuters

NATO-ს მაღალჩინოსანმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, თქვა, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინის მოკავშირეებისა და პოტენციურად NATO-ს ომში ჩართვას გამოიწვევს.  

ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე წყარომ აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების ნებისმიერ მცდელობას რუსეთისთვის "უპრეცედენტო შედეგები" მოჰყვება. 

"რუსეთის მხრიდან ამ ნაბიჯს მრავალი მოკავშირე და პოტენციურად, თავად NATO ფიზიკურად უპასუხებს". - თქვა მან. 

დღეს, 12 ოქტომბერს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-6 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 50 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინის სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებით დიდი ყურადღება უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის უფრო თანამედროვე სისტემების მიწოდებას დაეთმო. 

10 ოქტომბრიდან დღემდე რუსეთის 100-ზე მეტ სარაკეტო თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე 26 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც უკრაინული მედია UNIAN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთმა მოიპარა, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს და ყირიმის ხიდი მხოლოდ დასაწყისია.

 

კომენტარები