ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბარამიძე რუსთაველის მიშისტებზე: სხვას რომ ხელს შეუშლი, ცხადია, კარგი არ არის

10 ოქტომბერს, პარლამენტთან საქართველოში უკრაინელი აქტივისტების ორგანიზებით აქცია გაიმართა. მოქალაქეები უკრაინის მასშტაბით რუსეთის მიერ განახლებულ მასობრივ თავდასხმებს აპროტესტებდნენ, რა დროსაც საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მათ ხელი შეუშალეს და შეძახილებით ცდილობდნენ აქციის მთავარი გზავნილების გადაფარვას. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სააკაშვილის მხარდამჭერების რადიკალური ჯგუფი დაანონსებულ აქციებს ხელს უშლის. ისინი ხშირად დაპირისპირებაში შედიან ორგანიზატორებთან და შეურაცხყოფას აყენებენ აქციაზე მისულ მოქალაქეებს.

ტაბულა დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები მათ ქცევაზე, იზიარებენ თუ არა მათ პოზიციას. 

ენმ-ს დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ტაბულასთან საუბარში თქვა, რომ საქმის კურსში არ არის. 

"არ ვიცი, ვინ დგას, ჩვენი პარტიიდან არავინ დგას, მგონი, არ ვარ საქმის კურსში, სხვას ჰკითხეთ, ვინც საქმის კურსშია".- თქვა გოცირიძემ. 

რაც შეეხება გია ბარამიძეს, ის აცხადებს, რომ სხვებისთვის ჭკუის სასწავლებლად არ გამოდგება და კანონის ფარგლებში, ადამიანი თავის მოქმედებაში თავისუფალია. 

" ალბათ, ამ ადამიანებმა თვითონ იციან, რას გააკეთებენ და შესაბამისად, პასუხსაც თვითონ აგებენ. მიხეილ სააკაშვილს რომ უჭერენ მხარს, ძალიან მომწონს. იცით, როგორ რაღაცას კითხულობთ ახლა, კარგია თუ არა, რომ ადამიანმა რაღაცა დააშავოს თუ არ დააშავოს. სხვას რომ ხელს შეუშლი, ცხადია, კარგი არ არის. ელემენტარულ რაღაცას მეკითხებით. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მე ძალიან მომწონს, რომ ეს ადამიანები დღეა თუ ღამეა, ცხელა თუ ცივა, ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. დანარჩენი, თვითონ როგორ მოიქცევიან, ეს ყველა ადამიანის ინდივიდუალური საქმეა და მე არ ვარ მათი უფროსი".- თქვა გია ბარამიძემ. 

ტაბულა ცდილობს ენმ-ს სხვა წევრებთან დაკავშირებას და მათ კომენტარსაც მიღებისთანავე  შემოგთავაზებთ. 

კომენტარები