დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

ჩრდ.კორეა: ბირთვული კონტრშეტევის შესაძლებლობის შესაფასებლად სამხედრო წვრთნები ჩატარდა

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, 25 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით ქვეყნის ბირთვული კონტრშეტევის შესაძლებლობების შესაფასებლად სამხედრო წვრთნები ჩატარა. წვრთნებს ესწრებოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი.

უკანასკნელ ორ კვირაში ჩრდილოეთ კორეამ 6 რაკეტა გაისროლა, მათ შორის, საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით გაისროლა.

ჩრდილოეთ კორეის მედიის ინფორმაციით, წვრთნების დროს ასევე მოხდა სამხრეთ კორეის სამხედრო ბაზებზე, პორტებსა და აეროპორტებზე საჰაერო თავდასხმის სიმულაცია.

5 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეის მიერ იაპონიის თავზე ბალისტიკური რაკეტის გამოცდის საპასუხოდ, აშშ-მ და სამხრეთ კორეამ რაკეტების გამოყენებით ერთობლივი სამხედრო წვრთნები გამართეს.

ამას გარდა, ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთით გადაინაცვლა ამერიკულმა დიდმა ავიამზიდმა. ფხენიანის წინააღმდეგ, 2017 წლის ბირთვული ტესტირების შემდეგ, ეს მოკავშირეების ყველაზე ხისტი პასუხია.

ჩრდ. კორეის გამოცდის პასუხად, სამხრეთ კორეისა და ამერიკის ძალებმა ზღვაში რაკეტები გაისროლეს. ასევე, მოკავშირეებმა ყვითელ ზღვაში, თვითმფრინავების გამოყენებით, დაბომბვის ვარჯიშები ჩაატარეს.

წვრთნების დროს, სამხრეთ კორეის ერთ-ერთი Hyunmoo-2C-ს ტიპის რაკეტა, გაუმართაობის გამო, ბაზის მახლობლად ჩამოვარდა, თუმცა შედეგად არავინ დაშავებულა. მიუხედავად იმისა, რომ რაკეტა ჩამოვარდა, არ აფეთქებულა მისი ქობინი. 

ჩრდილოეთ კორეის პასუხად ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს აშშ-მ და იაპონიამაც.

კომენტარები