რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

მედია: აშშ-ს დაზვერვაში ფიქრობენ, დუგინას მკვლელობის უკან უკრაინის მთავრობის ნაწილი დგას

დარია დუგინას მოსახსენიებელი ცერემონია მოსკოვში, 2022 წლის აგვისტო.
Kirill Kudryavtsev/Agence France-Presse — Getty Images

როგორც გამოცემა CNN-ი წერს, აშშ-ს დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ "რუსული სამყაროს" იდეოლოგის, კრემლის ულტრანაციონალისტი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას აფეთქება ნებადართული იყო უკრაინის მთავრობის ნაწილის მიერ. ამის შესახებ CNN-თან აშშ-ს დაზვერვის წყაროებმა ისაუბრეს. ამავეს წერს გამოცემა The New York Times-იც.

CNN-ის წყაროების ცნობით, აშშ ამ გეგმის შესახებ არ გაუფრთხილებიათ და ჯერ კიდევ უცნობია, აშშ-ს მკვლელობა კონკრეტულად ვისი დავალებული ჰგონია. ამას გარდა, აშშ-ს დაზვერვაში არ იციან, იცოდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დარია დუგინას აფეთქების გეგმის შესახებ.

The New York Times-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ოპერაციაზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ისინი ამ გეგმას შეეწინააღმდეგებოდნენ. მათივე თქმით, აფეთქების შემდეგ, აშშ-ში უკრაინის ოფიციალური პირები გააკრიტიკეს.

როგორც The New York Times-ი წერს, ვაშინგტონში ოფიციალური პირები სკეპტიკურად უყურებენ რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატის, ილია პონომარიოვის მტკიცებას, თითქოს დუგინას მკვლელობაში რუსეთში მოქმედი ანტიპუტინისტური ჯგუფი, ეროვნული რესპუბლიკური არმია მონაწილეობდა.


20 აგვისტოს მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ის ადგილზევე დაიღუპა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, მანქანა, რომლითაც დარია დუგინა ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის. დაღუპულის ნაცნობის თქმით, თავად ალექსანდრ დუგინი ღონისძიებაზე სხვა ტრანსპორტით მივიდა. ალექსანდრ დუგინი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზეც გამოჩნდა.

მანქანის აფეთქების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა BAZA-მ გაავრცელა. აფეთქება მოსკოვის დროით, დაახლოებით, 22:00 საათზე მოხდა და გამოცემის ცნობით, აფეთქების მიზეზის შესახებ მთავარი ვერსია მკვლელობის მცდელობაა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და რუსეთში აკრძალული პლატფორმის, Утро Февраля-ს ცნობით, დუგინის შვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ აიღო. Утро Февраля-ს დამფუძნებლის, პოლიტიკოს ილია პონომარიოვის ცნობით, დაჯგუფება პასუხისმგებლობას იღებს ბოლო პერიოდში რუსეთში სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტის აფეთქებაზეც. 

ილია პონომარიოვმა ეთერში წაიკითხა ეროვნული რესპუბლიკური არმიის მანიფესტიც, რომელიც Утро Февраля-ს ტელეგრამ-გვერდზე გამოქვეყნდა. მანიფესტში დაჯგუფება პუტინისა და მისი თანამზრახველების განადგურებით იმუქრება და წერს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს მათგან საფრთხე არ ემუქრება.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, დუგინას მკვლელობის საქმე გახსნეს და მათი თქმით, ანქანის აფეთქება დაგეგმილი იყო უკრაინული სპეცსამსახურების მიერ, შემსრულებელი კი უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკი იყო, რომელიც რუსეთში თითქოსდა 23 ივლისს ჩავიდა და სახლს დუგინას კორპუსში ქირაობდა. შემდეგში მათ დუგინას მკვლელობის მომზადებაში უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე დაადანაშაულეს.

ФСБ-ს ვერსიის შემდეგ, ილია პონომარიოვი კვლავ ამბობდა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთში მოქმედი პარტიზანული ჯგუფი, ეროვნული რესპუბლიკური არმიაა.

უკრაინული მხარე დუგინას აფეთქებაში საკუთარ მონაწილეობას უარყოფს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ დარია დუგინას მკვლელობა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მიერ არის ჩადენილი.

დარია დუგინა 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. დარია დუგინა მუშაობდა მამამისის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობაში.

კომენტარები