ირანი

BBC: ირანში ძალოვნებმა 16 წლის მომიტინგეს ცხედარი მოიპარეს და საიდუმლოდ დამარხეს

ირანის უსაფრთხოების სამსახურის ძალებმა 16 წლის მომიტინგეს ცხედარი მოიპარეს და ახლოს მდებარე სოფელში დამარხეს. ინფორმაციას BBC-ის სპარსულ ენოვანი ბიურო ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოჯახი მოკლული აქტივისტის, ნიკა შაკარამის დამარხვას ორშაბათს ქალაქ ხორემაბადში აპირებდა, ძალოვნებმა კი მისი სხეული მოიპარეს და საიდუმლოდ, 40 კილომეტრში მდებარე ერთ-ერთ სოფელში დამარხეს.

შაკარამი თეირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, 20 სექტემბერს გაუჩინარდა და მომდევნო 10 დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. მეგობრისთვის გაგზავნის უკანასკნელ მესიჯში შაკარამი წერდა, რომ მას ძალოვნების მისდევდნენ.

ნიკას ოჯახმა სავოლოოდ მისი ცხედარი თეირანის ერთ-ერთი ციხის მორგში იპოვა. მათი თქმით, ისინი მორგში ამოსაცნობად მხოლოდ რამდენიმე წამით შეუშვის და მათ სხეულის დათვალიერების უფლება არ მისცეს. ამოცნობა კი სახით მოხერხდა.

როგორც ერთ-ერთმა წყარომ გამოცემასთან აღნიშნა, ამის შემდეგ, კვირას (დაღუპულის დაბადების დღეზე) შაკარამის ოჯახმა ცხედარი ქალაქ ხორემაბადში გადაასვენა, ზეწოლის შედეგად კი გადაწყვიტა, რომ დაკრძალვის რიტუალურ პროცესზე უარი ეთქვა, თუმცა, მიუხედავად, ამისა, ძალოვნებმა შაკარამის ცხედარი მაინც მოიპარეს.


უკვე მესამე კვირაა ირანში მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ქალის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება. IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს.  

მაჰსა ამინის ოჯახი ამბობს, რომ დაპატიმრებამდე მაჰსას არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნებოდა. თუმცა, ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი დაკავებიდან რამდენიმე საათში კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე თქმით, გარდაცვალებამდე ქალი კომაში იყო.

ირანელი მაღალჩინოსნების თქმით, ამინის ცხედარს აუტოფსია ჩაუტარდა. სახელმწიფო ტელევიზიით საუბრისას ირანის სასამართლო სამედიცინო ორგანიზაციის დირექტორმა, მეჰდი ფოროზეშმა თქვა, რომ შედეგები სამედიცინო ექსპერტების მიერ შემოწმების შემდეგ გამოქვეყნდება.

კომენტარები