ირანი

ბაიდენი: აშშ ირანელი ქალების გვერდითაა, რომლებიც სიმამაცით მსოფლიოს შთააგონებენ

Patrick Semansky/AP

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ ირანელი ქალებისა და ირანის მოქალაქეების გვერდითაა. ამის შესახებ ბაიდენი საკუთარი ტვიტერის გვრდზე წერს.

"აშშ დგას ირანელი ქალებისა და ირანის მოქალაქეების გვერდით, რომლებიც თავიანთი სიმამაცით მსოფლიოს შთააგონებენ. ამ კვირაში ჩვენ დამატებით ხარჯებს დავაკისრებთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის ჩამდენ პირებს. ჩვენ გავაგრძელებთ ირანელების უფლებების მხარდაჭერას - გააპროტესტონ თავისუფლად". - წერს ბაიდენი.

მესამე კვირაა ირანში მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ქალის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ირანის უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი საჯაროდ გამოეხმაურა ირანში ბოლო წლების ყველაზე დიდ საპროტესტო გამოსვლებს - დაარღვია რამდენიმე კვირიანი დუმილი, დაგმო "არეულობა" და საპროტესტო აქციების დაგეგმვაში ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა.

მას შემდეგ, რაც თეირანში მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი დააკავა, იგი ჯერ კომაში ჩავარდა და შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევას თეირანში დემონსტრაციები მოჰყვა. მისი სიკვდილი დაგმეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჰეშთეგით - #MahsaAmini, რამაც Twitter-ზე 1,8 მილიონ გაზიარებას მიაღწია. 

პოლიციის ინფორმაციით, ამინი ავად მაშინ გახდა, როდესაც სხვა ქალების დაკავებას მორალის პოლიციასთან ერთად ელოდებოდა. უწყება 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ დაწესებულ მკაცრ წესებს აკონტროლებს. კანონი ქალებს თმების დაფარვასა და საჯარო სივრცეში ფართო ტანსაცმლის ტარებას ავალდებულებს.

13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება.

IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს.  

მაჰსა ამინის ოჯახი ამბობს, რომ დაპატიმრებამდე მაჰსას არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნებოდა. თუმცა, ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი დაკავებიდან რამდენიმე საათში კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე თქმით, გარდაცვალებამდე ქალი კომაში იყო.

ირანელი მაღალჩინოსნების თქმით, ამინის ცხედარს აუტოფსია ჩაუტარდა. სახელმწიფო ტელევიზიით საუბრისას ირანის სასამართლო სამედიცინო ორგანიზაციის დირექტორმა, მეჰდი ფოროზეშმა თქვა, რომ შედეგები სამედიცინო ექსპერტების მიერ შემოწმების შემდეგ გამოქვეყნდება.

კომენტარები