სახალხო დამცველი

მდინარაძე ომბუდსმენზე: რაღაც ხარისხით კომპრომისზე წამსვლელი ვართ, ოღონდ პუნქტი არ ჩავარდეს

მამუკა მდინარაძე
ტაბულა

"კომპრომისზე რაღაც ხარისხით წამსვლელები ვართ, ოღონდ ევრორეკომენდაციის მე-12 პუნქტი არ ჩაგვივარდეს" - ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ომბუდსმენობის კანიდატებსა და ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე საუბრისას. 

თუმცა, მამუკა მდინარაძის თქმით, ქართული ოცნება არ წავა კომპრომისზე და სახალხო დამცველობის კანდიდატს მხარს არ დაუჭერს იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. მდინარაძის შეფასებით, ასეთი კანდიდატი ომბუდსმენობას ვერ შეძლებს.  

მისივე სიტყვებით, 9-კაციანი ჯგუფი, რომელმაც კანდიდატების შეფასება უნდა წარადგინოს, "ზესამართლიანად, სწორად და გამჭვირვალედ" დაკომპლექტდა, მმართველ პარტიას იმედი აქვს, რომ შეთანხმება შედგება და ევროკავშირის რეკომენდაციების მე-12 პუნქტი არ ჩავარდება. 

"დაასახელეს სამი კანდიდატურა, რომელზეც არიან შეჯერებულები და მათ გარდა არავის დავუჭერთ მხარსო ამბობენ. ჩვენ შევეცდებით, ვთქვათ, თუ მათშია მისაღები, კი ბატონო, მაგრამ თუ არა, სხვაზე დავარწმუნოთ ჩვენი ოპონენტები. ჩვენთვის ნათელია და ცნობილია, რომ ერთპიროვნულად ანუ საპარლამენტო უმრავლესობა ვერ ავირჩევთ კანდიდატს, რომელსაც ოპოზიციის, მათი ნაწილის მხრიდან მაინც მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება". - ამბობს მდინარაძე.    

მმართველი გუნდიდან ბევრმა განაცხადა, ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის იქიდან გამომდინარე, რომ არ გვინდა ჩავარდეს ევრორეკომენდაციის რომელიმე პუნქტი. აქაც გვინდა, რომ ზედმიწევნით სწორად წავიდეთ, შევასრულოთ, პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენი წილი და შეიძლება ცოტა მეტი, მაგრამ, კომპრომისის ხარისხსაც გააჩნია. მაგალითად, თუ მაინცდამაინც ჩაბჟირდებიან ისეთ კანდიდატზე, რომელიც თავის დროზე იწოდებოდა უფლებადამცველად და ჰქონდა პოლიტიკური განცხადებები, პოლიტიკური აქტივობებით, ამას ვსაყვედურობთ ჩვენ სახალხო დამცველს. მოქმედი რასაც აკეთებს, იმას თუ ჯერ სახალხო დამცველი არ გამხდარა და თუ ჯერ სახალხო დამცველი არ გამხდარა, ადამიანს სხვა კომპეტენცია გააჩნია, სხვა ვალდებულებები, სხვა უფლებები და ამას აკეთებს, ბუნებრივია, მომავალშიც იმავეს გააკეთებს და უფრო გაამძაფრებს, ხომ? ასეთი ადამიანი ალბათ არ იმსახურებს არც კომპრომისულ შეთანხმებას მის კანდიდატურასთან დაკავშირებით და არც სახალხო დამცველობას, ვერც შეძლებს. ხვალ რომ ადამიანს აირჩევ, რომელიც წინასწარ იცი, რომ ისევე დაკავდება პოლიტიკით, როგორც დღევანდელი სახალხო დამცველი აკეთებს, ამაზე არ წავალთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, კომპრომისზე რაღაც ხარისხით წამსვლელები ვართ, ოღონდ ევრორეკომენდაციის მე-12 პუნქტი არ ჩაგვივარდეს". - ამბობს მდინარაძე.  

სახალხო დამცველის დასაკავებლად განაცხადი სულ 19-მა ადამიანმა შეიტანა. სპეციალური 9-კაციანი ჯგუფი ამ კანდიდატების შესახებ შეფასებას პარლამენტს 13 ოქტომბრამდე წარუდგენს. ამის შემდეგ კი პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებსა და პარლამენტის 7-კაციან ჯგუფს შესაძლებლობა ექნება, 21 ოქტომბრის ჩათვლით თავიანთი კანდიდატები წარადგინონ. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა, რომ მინიმუმ 7 კანდიდატი დასახელდეს.

9 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი 83 ხმით დაამტკიცა. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს და ამ საკითხს ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს მიანდობენ.

სახალხო დამცევლის არჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შემადგენელი ნაწილია. მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. 

კომენტარები