რუსეთ-საქართველოს 2022 წლის ომი

საქართველოს მოვუწოდებთ, დაეხმაროს ყირიმელ თათრებს გაწვევისგან თავის არიდებაში – ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა საქართველოს, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს მოუწოდა, დაეხმარონ ყირიმელ თათრებს რუსეთის ჯარში გაწვევისგან თავის არიდებასა და მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადასვლაში

ვერეშჩუკის თქმით, ყირიმში საოკუპაციო ხელისუფლებამ არალეგალური მობილიზაცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ყირიმელი თათრებისა და ყირიმის სხვა ადგილობრივი მოსახლეობის ჯარში მასობრივად გაწვევა მიმდინარეობს.

ვერეშჩუკი აღნიშნავს, რომ ყირიმელი თათრები უკრაინის მეგობარ ქვეყნებში წასვლას ცდილობენ, მაგრამ, მისივე თქმით, რეინტეგრაციის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ პოლონელი, ლატვიელი, ესტონელი, ლიტველი და ქართველი მესაზღვრეები ზოგჯერ ყირიმის მკვიდრი ხალხების წარმომადგენლებს საზღვარზე არ უშვებენ.

"მივმართავთ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიტვისა და საქართველოს მთავრობებს, ყურადღება მიაქციონ ამ პრობლემას. ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ ყირიმის ადგილობრივ მოსახლეობას ჯარში გაწვევისგან თავის არიდებასა და მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადასვლაში. ახლა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ყირიმის მკვიდრი ხალხის მხარდაჭერა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე". - წერს ვერეშჩუკი Telegram-ზე. 


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის ოკუპირებული ოლქების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების განკარგულებას.

ეს ქმედება წინ უსწრებს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიის ცერემონიას, რომელიც დღეს, 30 სექტემბერს კრემლში გაიმართება.

23-27 სექტემბერს მოსკოვმა უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში: დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ჩაატარა რუსეთთან შეერთების ფსევდორეფერენდუმები, რომელთა "შედეგებით" ამ ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთება "გადაწყდა".

პუტინს უკვე აღიარებული აქვს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ოთხი ოლქიდან ვერცერთს სრულად ვერ აკონტროლებენ, მარიონეტულ ადმინისტრაციებს პრეტენზიები კი ოლქის მთელ ადმინისტრაციულ საზღვრებზე აქვთ.

რუსეთმა მსგავსი ფსევდორეფერენდუმი აქამდე 2014 წელს ყირიმში ჩაატარა. 

ე.წ. რეფერენდუმების დანიშვნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ასევე თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფდა. ამას გარდა, პუტინი დასავლეთს კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები