დაპირისპირება ენმ-ში

დაშლილი არ არის? დაიწყონ ახალი პარტიის მშენებლობა - ჟორჟოლიანი ნაციონალურ მოძრაობაზე

"დაშლილი არ არის ნაციონალური მოძრაობა?" - ჰკითხა TV-წამყვანმა, ენმ-ს დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა და პარტიის მხარდამჭერმა ნანუკა ჟორჟოლიანმა პალიტრანიუსის ჟურნალისტს, მერაბ მეტრეველს. მისი თქმით, ენმ-დან უნდა წავიდეს ყველა, ვინც ფიქრობს, რომ "ქუჩის დრო არ არის" და ახალი პარტიის მშენებლობა უნდა დაიწყოს. .

"გავიგე, რომ ეს არ არის ორდღიანი გეგმა-პროექტი და ნაციონალური მოძრაობა ასე უცებ ვერ დაინგრევა და ვერ აშენდება. ადამიანები, რომლებიც დაღლილები არიან, ყოფილი ჩინოვნიკები არიან, მიჩვეულები არიან მძღოლებით სიარულს, იქ რაღაცა კარგ ცხოვრებას და ოპოზიციაში ყოფნა უკვე "აუ, ქუჩა არა" თვლიან, მათი პროტესტი არის მხოლოდ... ჩემი საყვარელი მომენტია, ინგა გრიგოლიას ჰყავდა პეტრე ცისკარიშვილი ეთერში, პროტესტი არიო ინგა, აბა, რა არიო და ინგა გრიგოლია ძალიან გაოგნებული ეუბნება, რომ ეს პროტესტი სად არიო. და ჩვენს გულებშიო.

პოლიტიკოსი რომ ფიქრობს, რომ პროტესტი უნდა იყოს მის გულში, მან უნდა დაისვენოს, სახლში უნდა წავიდეს. არამარტო პეტრეს [ეხება], ადამიანებს, რომლებიც დაიღალნენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათთვის დასავლეთში კარიერის გაკეთება არის უფრო მნიშვნელოვანი, ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ქუჩის დრო არ არის, ყველას, ვინც ფიქრობს, რომ პარლამენტში დებატებით ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს მოერევა, ყველა ასეთი ადამიანი უნდა წავიდეს სახლში, უამრავი ახალგაზრდა ადამიანია მოტივირებული, დაიწყონ ახალი პარტიის მშენებლობა" - ამბობს ჟორჟოლიანი პალიტრანიუსის ეთერში.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, "ყველა თუ წავიდა, დაიშლება პარტია", ნანუკა ჟორჟოლიანი პასუხობს - "მთლად ყველაც არ წავა, ეკა ხერხეულიძე რატომ უნდა წავიდეს? ბოცოა, ლევან ბეჟაშვილია, რატომ უნდა წავიდნენ". 

"ნუ, დაიწყება აქედან ახალი პარტიის მშენებლობა, ახალი სახეების და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ წელიწადში რაღაცნაირად ვნახავთ..." - თქვა TV წამყვანმა, ხოლო მერაბ მეტრეველის კითხვაზე - "დაიშლება ნაციონალური მოძრაობა?", აღნიშნა - "დაშლილი არ არის ნაციონალური მოძრაობა?". ნანუკა ჟორჟოლიანის თქმითვე, "მე არასოდეს ხმას არ მივცემ ამ შემადგენლობით".

რაც შეეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ჟორჟოლიანის შეფასებით, "ნიკა მელიას იმიტომ არ ებრძვიან, რომ "შენ ბიჭო, მიშას გვერდით არ დაუდექი და რაღაცები შეგეშალა". არც ის ადამიანები არ იდგნენ მიშას გვერდით თავის დროზე. ახლა მიდის შიგნით ძალთა გადანაწილება, ეტყობა, ნიკა მელია არ აღმოჩნდა საკმარისად მონა, ეტყობა, ახლა უფრო დიდი მონაა საჭირო ადამიანების, რომლებიც დავალებებს მიიღებენ, და მერე იმ მიმართულებით ივლიან".

"ამ პარტიაში სულ დინებებია და როგორ ხდება ამ პარტიაში, ჰო? არის სხვადასხვა ჯგუფი, მოუნდება ვიღაცას ამ პარტიის დაშლა, ძალების გადანაწილება, გამოცვლა, დარჩება ის მიშას 11 აქტიური, ნამდვილი, ერთგული მეგობარი ვინც არის, იწყებენ პარტიის თავიდან... ახლაც ეგ ვითარებაა, ახლაც ეგ 11-12 კაცი მყარად დგას ისევ, მერე თავიდან დაიწყება" - თქვა ჟორჟოლიანმა,

კითხვაზე, "ვინ უნდა წავიდეს, მელია და მისი გუნდი"?, მთავარი არხის წამყვანი პასუხობს, რომ არ იცის.

"ეს უკვე მარჩიელობაა, არ ვიცი შიგნით რა მოხდება, ფაქტია, რომ მიშა გაუშვეს მაგ პარტიიდან, მორალურ გაშვებას ვგულისხმობ და ფაქტია, რომ ამ პარტიამ მიშასთვის არაფერი გააკეთა" - ამბობს ჟორჟოლიანი.


25 სექტემბერს მოძრაობა საქართველოსთვის წევრმა და ენმ-ს მხარდამჭერმა გიორგი მუმლაძემ FB-Live ჩაწერა, სადაც ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, მელიამ პასუხი Facebook-ზე "აქტიურობის გამო" მოსთხოვა. გიორგი მუმლაძის თქმით, მისი ამოცანაა, რომ "ნიკა მელია პანღურით იქნეს გაგდებული პარტიიდან". მანვე აღნიშნა, რომ პარტიის მხარდამჭერისთვის მნიშვნელოვანია, თავმჯდომარე ასეთი "მოძალადე" არ იყოს.

მეორე დღეს, "გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა და დესტრუქციული ნაბიჯების გამო" განცხადება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. ენმ-ს განმარტებით, TV პირველის გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუსის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებული იყო საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. პარტიის ცნობით, საკითხის გარკვევის მიზნით აქტივისტთან და მისი გუნდის წევრებთან ჰქონდათ კომუნიკაცია.

"შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაიყვანეს" - აცხადებს ენმ.

იმავე დღეს, პარტიის პოლიტსაბჭო დატოვა ენმ-ს ყოფილმა დეპუტატმა ბადრი ბასიშვილმა. ღამით კი, მუქარაზე მუმლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პარტიის წევრი, თენგო სანაია დააკავეს.

კომენტარები