ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში

მოსკოვში ანტისაომარი განწყობების მქონე ცნობილი პოეტი დააკავეს, აწამეს და გააუპატიურეს

მოსკოვში ანტისაომარი განწყობებით ცნობილი აქტივისტი და პოეტი - არტიომ კამარდინი აწამეს და გააუპატიურეს

მოსკოვში 31 წლის პოეტი და აქტივისტი, არტემ კამარდინი დააკავეს

მისი ადვოკატის ლეონიდ სოლოვიოვის თქმით, 26 სექტემბერს ჩხრეკისას კამარდინს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გააუპატიურეს. დაზარალებულის მეგობარი გოგონა ამბობს, რომ მომხდარის ვიდეოკადრები არსებობს.

26 სექტემბერს გრომის სპეცრაზმი ავტომატებით ხელში შეიჭრა ბინაში, რომელშიც კამარდინი, მისი მეგობარი გოგონა, კიდობნის ადმინისტრატორი, ალექსანდრა პოპოვა და აქტივისტი, ალექსანდრე მენიუკოვი იმყოფებოდნენ. დაკავების კადრები ტელეკომპანია 112-მა გამოაქვეყნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკის დროს აქტივისტი იძულებული გახდა კამერის წინ ბოდიში მოეხადა მისი სიტყვების გამო: "დიდება კიევის რუსეთს, ნოვოროსია - წოვე", რომელიც მან 25 სექტემბერს ტრიუმფალნაიას მოედანზე მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე თქვა.

27 სექტემბერს, დაახლოებით დილის 2 საათზე, გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც კამარდინი სამედიცინო მუშაკებისა და პოლიციელების თანხლებით ტოვებს საგამოძიებო კომიტეტის განყოფილებას. ადვოკატის ინფორმაციით, ცემის დროს მიღებული ტვინის შერყევის მიუხედავად, ექიმებმა გარეგანი სისხლდენა ვერ დაადგინეს.

112-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში კამარდინი ბინაში მუხლმოდრეკილია ხელბორკილებით, სახეზე ცემის კვალი ეტყობა. ჩანაწერზე აქტივისტი ბოდიშს იხდის.

"ბოდიშს ვიხდი, ვითხოვ პატიებას და ვნანობ, რაც გუშინ ტრიუმფალნაიას მოედანზე ვთქვი".

კამარდინი პირობას დებს, რომ აღარასდროს წაიკითხავს თავის ლექს და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.


21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები