ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში

"არ მინდა, არ შემიძლია მოვკლა" – კრასნოდარში 27 წლის რეპერმა მობილიზაციის გამო თავი მოიკლა

კრასნოდარში, რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის გამო, რეპერმა ივან პეტუნინმა, ცნობილმა როგორც Walkie, თავი მოიკლა.

meduza-ს ცნობით, 27 წლის პეტუნინის ცხედარი ქალაქის ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსთან იპოვეს. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებდა, რომ ომში წასვლის სურვილის არ ჰქონდა და ამის გამო თვითმკვლელობას აპირებდა.

"თუ ამ ვიდეოს უყურებთ, მე ცოცხალი აღარ ვარ... არ შემიძლია და არ მინდა მკვლელობის ცოდვა ჩემს სულზე ავიტანო. მე არ ვარ მზად რამე იდეალისთვის მოკვლა. არ მაქვს უფლება ხელში ავტომატი ავიღო და ვესროლო ადამიანს".- ამბობდა რეპერი ვიდეოში. 

მისი თქმით, უკრაინაში ომის გამო 7 თვის განმავლობაში დიდ ტკივილს განიცდიდა. ვიდეოს ბოლოს მან აღნიშნა, რომ რუსეთი ერთი ერთი მანიაკის ტყვეობაში იმყოფება. გარდაცვალების დღეს რეპერმა ახალი ალბომი გამოუშვა.

”მოუსმინეთ ზოგიერთ მათგანს, რომ გაიგოთ, როგორი ადამიანი ვიყავი". - თქვა პეტუნინმა თავის მიმართვაში.


21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

პუტინის 21 სექტემბრის განცხადების მიხედვით, მობილიზაცია მხოლოდ სამხედრო გამოცდილებისა და მომზადების მქონე ხალხს მოუწევდა, თუმცა ინტერნეტსივრცეში მალე გავრცელდა ცნობები, რომ ხალხს ამ გამოცდილების გარეშეც იწვევდნენ. ასევე გავრცელდა ინფორმაცია მობილიზებული სამხედროებისთვის არსებულ რთულ პირობებსა და სამხედრო მომზადების ნაკლებობაზე.

29 სექტემბერს, პუტინმა მობილიზაციის პროცესში დაშვებული შეცდომების გადახედვა მოითხოვა

კომენტარები