ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში

ბრიტანეთი: პუტინმა მობილიზაციისას წარმოქმნილი პრობლემები უჩვეულოდ სწრაფად აღიარა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბრს გამოცხადებული ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ მალე აღიარა. 

"რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას პუტინმა აღნიშნა, რომ მობილიზაციის დროს ბევრი შეკითხვა გაჩნდა, შეცდომები სწრაფად უნდა გამოასწორონ და აღარ გაიმეორონ". - წერია ანგარიშში.

დაზვერვის შეფასებით, პუტინის მიერ პრობლემების უჩვეულოდ სწრაფად აღიარება ხაზს უსვამს მობილიზაციის არაეფექტიანობას მისი დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ადგილობრივი ჩინოვნიკებისთვის, როგორც ჩანს, გაუგებარია მობილიზაციის ზუსტი მასშტაბი და იურიდიული დასაბუთება.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

 

კომენტარები